ბადაგი
ჯიშის სახელწოდება: ბადაგი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთლები უხვადაა შებუსული მოთეთრო ფერის ბეწვისებური ბუსუსით, ღია ოქროსფერი-წითელი ფერით კიდეებთან. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან ღია წითელი, სქლად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ან მახვილი ფუძით, ზოგჯერ ისრისებურია, თანასწორი გვერდებითა და მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად შებუსულია, მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, გვხდება თხელი მტევნებიც, საშუალო მასა შეადგენს 190,0-200,0 გრ-ს.
მარცვალი: საშუალო, ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, უხვად დაფენილი ცვილით, თხელკანიანი და კანი რბილობს ადვილად ეცლება. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო, ტკბილი და ხალისიანი-მომჟავო გემოსი. 2-სამწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,5-24,0 %, მჟავიანობა 6,5-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,5-8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: საკმაოდ ხარისხიანი სუფრის ღვინო. ხასიათდება კომშისებური შეფერვით, კარგი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, 12,7% ალკოჰოლის შემცველობით, მაღალი საგემოვნო თვისებებით. დაძველებისას ღვინის ხარისხი უმჯობესდება.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო, ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა (განსაკუთრებით ჭრაქის) მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 73-77;
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 440-442.
Рамишвили М. А., Бадаги, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат, Москва, 1963, Том I, Ст. 178-180.
ავტორი: ირმა მდინარაძე