ჩეჭიფეში
ჯიშის სახელწოდება: ჩეჭიფეში
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: სამეგრელო

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი დაფარულია მოთეთრო-მოწითალო ბეწვისმაგვარი ბუსუსებით. პირველი ორი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო-იისფერია. ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა, ცალ მხარეზე მოწითალო იისფერი დაჰკრავს და საკმაოდ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ყლორტის წვერისაკენ შებუსვა უფრო ძლიერდება, ყლორტის წვერი ხშირ შემთხვევაში მოწითალოა.
ზრდასრული ფოთოლი: ხშირად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანიც, საკმაოდ დანაკვთული, გვხვდება აგრეთვე ღრმად დანაკვთული ფოთლებიც. საშუალო სიდიდის, (სიგრძე 14,6სმ, სიგანე 14,5სმ). მომრგვალო, ღია მწვანე. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღრმა ისრისებურია და თანასწორგვერდებიანი. ზედა ამონაკვეთი ღია და საკმაოდ ჩაჭრილი. კბილები სამკუთხედისებრი და ამოზნექილგვერდებიანი, მახვილი ან წამახვილებულწვერიანი ფუძით. ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებრი მონაცრისფრო ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებული, ხოლო იშვიათად გლუვია. მთავარი ძარღვი ოდნავ შებუსულია მონაცრისფრო ბუსუსით და ღია მწვანე ფერისაა.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ცილინდრულ-კონუსური. საშუალო სიკუმსის, გვხვდება აგრეთვე მეჩხერი მტევნებიც. საშუალო წონა 105გ. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახმაგვარია და მომწვანო ფერისაა, სიგრძე - 3,5-4,5სმ.
მარცვალი: ღია ქარვისფერი, საშუალოზე მცირე ზომის. ოვალური ფორმის, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიულია. კანი თხელი, მცირედ ცვილით დაფარული. რბილობი წვნიანი და ნაკლებხორციანი, აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-9 მმ-მდე და მწვანე ფერისაა, მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5-20%, საერთო მჟავიანობა 9,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-5,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,3
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: იძლევა თეთრ, ე.წ. „ორდინარულ ღვინოს“, რომელსაც ახასიათებს ალკოჰოლის საკმაო შემცველობა (10,8-11,0%) და ჰარმონიულობა.
დამატებითი ინფორმაცია: „ჩეჭიფეში“ მეგრულას ნიშნავს „თეთრ წვრილს“. სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ, სუსტ გამძლეობას იჩენს,. მიდრეკილება მარცვლის დაწვრილებისაკენ უმნიშვნელოა. რქის მომწიფება კარგია. ზრდის სიძლიერე საშუალო. ყურძენი წარმტებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. მეგრულ ჯიშებს შორის შედარებით საადრეო.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. გვ. 331-334;
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, თბილისი, 1948, გვ. 127-130;
Рамишвили М.А., Чечипеши, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 433-435.
ავტორი: დავით მაღრაძე