ჩინური
ჯიშის სახელწოდება: ჩინური
სინონიმი: კასპური, კასპური თეთრი, ატენური
წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ღია მწვანეა და ოდნავ შებუსულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსებით. პირველი და მისი მომდევნო მეორე ახლად გაშლილი ფოთოლი ზედა და ქვედა მხრიდან ძარღვებს შორის არეებში მცირედ არის შებუსული ზედა მხრიდან. ეს ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო ან მოყავისფრო ელფერით. ფოთლის ნაპირები შიშველია, ბრჭყვიალა და როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან გადაჰკრავს მოწითალო - მოვარდისფრო ელფერი. სწორედ ამ ნორჩი ფოთლების სისხლისებრ-მოწითალო და მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი შეფერვით გამსხვავდება ჩინური სხვა დანარჩენი ადგილობრივი ჯიშებისაგან.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო სიდიდის (სიგრძე 16,5–17,8სმ, სიგანე 16,4–17,5სმ). ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უფრო ხშირად თაღისებრია, განვითარებულია ერთი დეზი, იშვიათ შემთხვევაში ამონაკვეთი დახურულია. ზედა ამონაკვეთი საკმაოდ ღრმად ჩაჭრილია ან შეჭრილ კუთხეს ქმნის. ქვედა ამონაკვეთი უფრო ზდაპირულია და ხშირად მცირედ ჩაჭრილი. კბილები ვიწრო და სამკუთხედისებურია. ზედა მხარე შიშველი და გლუვია, ზოგჯერ ბადისებრ არის დანაოჭებული. ქვედა მხარე, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ, მოკლე ბეწვიანი ბუსუსებითაა დაფარული. ფოთოლი ღია მწვანე-მოყვითალოა. ყუნწი მოწითალო-მოვარდისფროა, ოდნავ შებუსულია მოკლე ბეწვებიანი ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: უფრო ხშირად ცილინდრულია, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური და ფრთიანიც გვხვდება - ფრთა ხშირად აღწევს მტევნის სიგრძის ნახევრამდე. საშუალო სიკუმსის. სიგრძე 14,2-3,0სმ, სიგანე 6,5-13,5სმ აღწევს, საშუალო წონა 172,0-175,5 გ. ყუნწის სიგრძე 3,0-5,5სმ, ღია მომწვანო-მოყვითალო შეფერვის.
მარცვალი: მომწვანო–მოყვითალო ან ღია ქარვისფერი, მზის მხრიდან კი კანზე დამწვრისფერი წვრილი ლაქები უვითარდება. საშუალო სიდიდის (სიგრძე 14-18მმ, სიგანე 13,0-17,5მმ). მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. კანი საკმაოდ უხვადაა დაფარული ნაფიფქით. რბილობი ხორციანი და საკმაოდ წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოსი. წიპწების რაოდენობა 1-4.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-20,5%, მჟავიანობა 9-10 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0–13,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,26.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ჩინური გამოყენებულია მაღალხარისხოვანი სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. სუფრის ღვინო - ღია მოჩალისფროა, მეტად სუფთა, გემოთი რბილი, ნაზი, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური თანაფარდობით. ცქრიალა ღვინო - მოჩალისფრო, მეტად სუფთა, სასიამოვნო სირბილის და ხალისიანი მჟავიანობით. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ჩინურის მონაწილეობით დაყენებული „ატენური“ ღვინო. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებს ტიპურ ცქრიალა და ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ, საკმაო გამძლეობას იჩენს. საშუალო ან ძლიერი ზრდის სიძლიერის. ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას. გამოიყენება სასუფრე ყურძნადაც.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 335-341;
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, მე-2 გამოცემა. სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სპეციალობის სტუდენტებისათვის, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 406-409;
ხარბედია მ., ქართული ღვინის გზამკვლევი. გამომცემელი „იბერიელი“, თბილისი, 2013, გვ. 309;
Robinson J., Harding J., Vouillamoz J. 2012. Wine Grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp.240-241.
ავტორი: დავით მაღრაძე