ჩიტისთვალა აჭარული
ჯიშის სახელწოდება:ჩიტისთვალა აჭარული
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გაუშლელი ფოთლების კბილები თითქმის წითელია, შებუსულია ქეჩისებურად მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერით, საკმაოდ სქლად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით, ასეთივე შებუსვა ახასიათებს ქვედა მხარესაც. ყლორტი ღია მწვანე, მცირედ შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებურია მომრგვალო ფუძით, იშვიათად ისრისებურია, თანასწორგვერდიანი მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, ცალმხარეს ამოზნექილი, მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ აბლაბუდისებური ბუსუსით. ღია მწვანე მთავარი ძარღვები მცირედ არის შებუსული.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი და უფორმო, ძალიან თხელი, საშუალო მასა - 88,0 გ.
მარცვალი: მცირე ზომის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავი. ერთ-, ოთხწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,1 %, მჟავიანობა 10,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 4,5-5,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948. გვ. 252-254;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 242;
Рамишвили М.А., Читиствала аджарули, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 453-454.
ავტორი: ირმა მდინარაძე