საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დონდღლაბი თეთრი


ჯიშის სახელწოდება: დონდღლაბი თეთრიdonrhlabi სინონიმი: დონდღლაბი, მჭკნარა, მჭკნარა დონღდლაბი წარმოშობა: შუა და ზემო იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით და შეფერილია თეთრად, რომელსაც ღია ვარდისფერი არშია ახლავს გვირგვინისა და პირველი ორი-სამი ფოთოლაკის ირგვლივ. ქვემოთ მდებარე ფოთოლაკები ზემო მხრიდან ნაკლებად შებუსულია და ბაცი მომწვანო-ყვითელია მონარინჯისფრო იერით, ხოლო ფოთოლაკების ქვედა მხარე, საკმაოდ სქელი შებუსვის გამო, მორუხო თეთრია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, სიგრძე და სიგანე თითქმის თანაბარია (16-18სმ). მომრგვალო ან ოვალური ფორმის. ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ზედაპირი მუქი მწვანე ფერის, გლუვი, ან უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებური, იშვიათად თაღისებური. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღრმა ან საშუალო სიღრმის. ქვედა ამონაკვთები საშუალო ან საშუალოზე მცირე სიღრმისა. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია სქელი აბლაბუდისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, სიგრძე 13-16სმ, სიგანე 6-8სმ. კონუსისებური, აგრეთვე ცილინდრულ-კონუსისებური ფორმის. ფრთიანი, რომელიც ხშირად ძირითადი მტევნის შუამდე აღწევს. საშუალო სიკუმსის. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქისფერია. მარცვალი: მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. საშუალო ზომის, სიგრძე და სიგანე 1,6-1,8სმ, მსხვილი მარცვლების სიგრძე 1,9-2,0სმ, ხოლო სიგანე 1,85-1,95სმ. მომრგვალო, შუაში განიერი და ბოლოში მომრგვალებული. კანი თხელია და საკმაოდ მკვრივი, ცვილისებრი ნაფიფქი კარგადაა გამოხატული. რბილობი წვნიანია, გემო უბრალოა, სასიამოვნოდ ტკბილი. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტადაა გამოსახული. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-21%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,8-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,0-1,25. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ჯიშური ღვინო ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალე, ხასიათდება კარგად გამოსახული ჯიშური არომატით და საკმაო სხეულით.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო გამძლეობას ამჟღავნებს ჭრაქის მიმართ, ხოლო ნაცრის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. გვალვის მიმართ კარგი გამძლეობა დაფიქსირდა კახეთის პირობებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ.151-156. ავტორი: დავით მაღრაძე