საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

პანეში


ჯიშის სახელწოდება: პანეშიpaneshi სინონიმი: უცნობი წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: საკმაოდ ძლიერ დაფარულია მოთეთრო–მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ, რომელსაც ხშირად მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად - ხუთნაკვთიანი, საკმაოდ დანაკვთული. საშუალოზე დიდი, ზომა 16,7X15,95სმ. ოდნავ ოვალური. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ფუძე მომრგვალო ან ბრტყელი, განვითარებულია ერთი ან ორი დეზი. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად მთლიანად დახურულია. კბილები სამკუთხედისებრია და მომრგვალებული წვეროებით. ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა დაფარული ბეწვისებური ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად მსხვილი ბუშტისებრია ან ბადისებრ - დანაოჭებული, გვხვდება ტალღისებრ-ზედაპირიანი ფოთლებიც. ყუნწი მცირედაა შებუსული და ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან წითელი ღვინის ფერი ხდება. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის (სიგრძე 11,0–14,5 სმ, სიგანე 7–11 სმ), წონა საშუალოდ 192,8 გ. ფორმა ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. ყუნწის სიგრძე 4–6 სმ-ს აღწევს და თითქმის შუამდე გახევებულია. ყუნწის დანარჩენი ნაწილი და თვით კლერტი ბალახისმაგვარი და ღია მწვანე ფერისაა. მარცვალი: თითქმის შავი. ზომით საშუალო ან საშუალოზე დიდი (15,0X14,2მმ). ოდნავ ოვალური, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული. კანი საკმაოდ სქელი და დაფარულია საკმაო რაოდენობის ნაფიფქით. რბილობი წვნიანი. წვენი შეუფერავი. ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5–7 მმ-ს აღწევს, მწვანე ფერისაა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერ-კონუსური. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19–20%, საერთო მჟავიანობა 9,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-9,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,8. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: პანეშისაგან შეიძლება დამზადდეს საკმაოდ მაღალხარისხიანი, ჰარმონიული, სხეულიანი, ხალისიანი მჟავიანობის მქონე წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერის მიმართ მეტად მგრძნობიარეა. ვაზზე მოსავლიანი ყლორტები 82%-ს შეადგენს. მოსავლიანობის კოეფიციენტია 1,8 უდრის. ყურძენს აქვს შენახვის ხანგრძლივი უნარი და იგი შეიძლება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად იქნეს გამოყენებული. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 260-263. რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1949, გვ. 140-143. ავტორი: დავით მაღრაძე