საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მახვატელი


ჯიშის სახელწოდება: მახვატელიmaxvateli სინონიმი: უცნობია წარმოშობა:   სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ძლიერ შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულის ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, იშვიათად ღია, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, მცირედ ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: პატარა ზომის, ფართო კონუსური, თითქმის სფერული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 60-80 გ. მარცვალი: შავი, მოლურჯო იასამნისფერი ელფერით, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, დეფორმირებული - მტევნის სიკუმსის გამო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი - სქელი და მკვრივი. რბილობი ხორციან-წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0-20,0 %, მჟავიანობა 10,0-12,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 1,5- 2,0 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, მუქი ვარდისფერი, არასაკმარისად სრული და სპეციფიკური გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: მახვატელი ხასიათდება საშუალო  ზრდა-განვითარებით და მცირე მოსავლიანობით. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.  შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბრენდე ღვინომასალების და ყურძნის წვენის დასამზადებლად. საინტერესოა, როგორც გარდამავალი ფორმა ველურ და კულტურულ ჯიშებს  შორის. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232. Табидзе Д. И., Махватели, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1965,Том II, ст. 341-343. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე