კუმსი ყვითელი
ჯიშის სახელწოდება: კუმსი ყვითელი
სინონიმი: ყვითელი უბაკლური
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი გაუშლელი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად, ფერი მოყვითალო. მეორე იარუსის ფოთლები (4-5) ზედა მხრიდან შეუბუსავია, ქვედა მხრიდან შებუსული, მომწვანო-ყვითელი ფერის.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (16,5X17სმ). მომგვალო. ხუთნაკვთიანი, აქვს მეორადი დანაკვთა. ზედაპირი გლუვი ან ბადისებურად დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი ხშირადმახვილფუძა ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთი მეტწილად საშუალო ზომისაა. ამონაკვეთის ფორმა უფრო ხშირად კვერცხისმაგვართვალიანი და მომრგვალო დახურულია, იშვიათად ცალკბილიანი ფუძის მქონე ან ღია ჩანგისმაგვარი მახვილფუძიანი ამონაკვეთით. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთის ფორმა ჩანგისმაგვარი მომგვალოფუძიანი, იშვიათად ჩანგისმაგვარი პარალელურგვერდებიანი და მომრგვალო. ფოთლის მთავარი ნაკვთები წინ წამოწეული, მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით ბოლოვდება. გვერდითი კბილები ხერხისკბილისმაგვარი და ცალგვერდგამოზნექილია. ფოთლის ქვედა მხარე შემოსილია საშუალო სისქის ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (14X8სმ). ძირითადად ცილინდრული ფორმის. კუმსი ან ძლიერ კუმსი კონსისტენციის. წონა საშუალოდ 160-180 გ. მარცვალი 80-100 ცალი.
მარცვალი: საშუალო და საშუალოზე დიდი ზომის, 175X16სმ. მომრგვალო ფორმისაა. ყვითელი ფერის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივია და მდნადი, მარცვალი საკმაოდ მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწზე. წიპწების რაოდენობა მარცვალში - 1-3 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-18%, მჟავიანობა 5-7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6.0-7.0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,0-1,2.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე - საღვინე.
სასუფრე ყურძნისდახასიათება: იძლევა საშუალო ღირებულების სასუფრე ყურძენს. ყურძენი არის ტრანსპორტაბელური.
ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრის თეთრ ღვინოს. ღვინო მოყვითალო-ქარისფერი, მცირესხეულიანი, ორდინალური, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დავადებების მიმართ მისი გამძლეობა საშუალოდაა შეფასებული, უკეთ უძლებს ნაცარს, ვიდრე ჭრაქს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 325-332.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 250.
Табидзе Д. И.,Кумси квители, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва, 1965,Стр. 224-226.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი