საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფენა


ჯიშის სახელწოდება: საფენაsafena სინონიმი: დედათ ყურძენი წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი-სამი ფოთოლაკი შებუსულია აბლაბუდისებრად და შეფერილია თეთრად, დაჰყვება ბაცი ვარდისფერი არშია. ყლორტი ღია მწვანე ფერისაა, მზის მხარეს ყავისფერი. ზრდასრული ფოთოლი: ხუთ- ან სამნაკვთიანია, ძლიერ დანაკვთული, იშვიათად საშუალოდ. საშუალო სიდიდის. ფორმით მრგვალია, იშვიათად ოვალური. ფოთლის ფირფიტა არათანაბრადაა მოხრილი. ზედაპირი წვრილბუშტუკებიანია. ზედა ამონაკვეთი საშუალო, იშვიათად ღრმაა. ქვედა ამონაკვთები საშუალოა, დახურული. ყუნწის ამონაკვეთი ცვალებადი ფორმისაა, უფრო ხშირად ღია ჩანგისებური ფორმის. შემოსაზღვრული ძარღვებით. ქვედა მხარის შებუსვა საშუალო აბლაბუდისებური. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო სიდიდის. წონით 150-180გ. ფორმით განიერ-კონუსური, მხრიანი. ჩვეულებრივ საშუალო სიკუმსის, იშვიათად მეჩხერი. მტევნის ყუნწი ბალახისებურია, ფუძესთან გახევებული, საშუალო ან საშუალოზე მოკლე. მარცვალი: ყვითელი, მოვარდისფრო შეფერილობით. საშუალო ზომის. მრგვალი, იშვიათად ოვალური, ხშირად ასიმეტრიული. კანი თხელია, დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით. წვენი ტკბილი და სასიამოვნოა, ახასიათებს ნაზი ჯიშური არომატი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,3%, მჟავიანობა 7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0-10,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენება მშრალი თეთრი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურთან და რქაწითელთან ერთად - მისგან იშვიათად ამზადებენ ჯიშურ ღვინოს. ღვინო შეიძლება იქნეს დახასიათებული როგორც რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო ხარისხით ზიანდება ჭრაქით და ძლიერად - ნაცრით. გვალვა- და ყინვაგამძლეობა, მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, დამაკმაყოფილე-ბელია. რქების მომწიფების ხარისხი კარგია. ზრდის სიძლიერე - საშუალო. სიმწიფის პერიოდი სექტემბრის შუა რიცხვებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954. Табидзе Д., Сапена, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 73-76. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე