თბილისური
ჯიშის სახელწოდება: თბილისური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ახალსელექციური ქართული ვაზის ჯიში.
მშობელ წყვილად გამოყენებულია ალექსანდრიული მუსკატი და რქაწითელი.
ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი.

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ნორჩი ფოთოლაკები მცირედ შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსებით.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. საშუალო სიდიდის ან საშუალოზე დიდი. ფირფიტა ქვედა მხრიდან მცირედ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსებით. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე დიდი ან დიდი ზომის (18,2X12,4სმ). ფორმით ცილინდრულ-კონუსურია, ზოგჯერ კონუსური ან უფორმო და საშუალო სიკუმსის.
მარცვალი: მსხვილი. ოვალური ფორმის. სიმწიფეში იღებს მოყვითალო-მომწვანო შეფერვას. კანი საკმაოდ სქელი. რბილობი წვნიანი, ხორციანი, მასთან ერთად კანი კარგად იღეჭება.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,5–21,2%, მჟავიანობა, 5,4–5,7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 18,0–20,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალხარისხოვან სუფრის ყურძენს იძლევა. ტრანსპორტაბელურია და კარგად ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში უხვმოსავლიანია. სოკოვან დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა. პერსპექტიულია თბილისის საგარეუბნო ზონისათვის და აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში გასავრცელებლად.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ 253-254.
ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი