ალმურა შავი
ჯიშის სახელწოდება: ალმურა შავი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალო-იისფერია, სქლად არის შებუსული თეთრი-მონაცრისფრო ბუსუსით. ყლორტი მცირედაა შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, იშვიათად ისრისებურია მახვილი ფუძით, ფუძე ძარღვით შემოსაზღვრული. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითდა მახვილი წვერით.ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძალიან კუმსი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 138,0-145,0 გრ-ს.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, სქლად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. წვენი შეუფერავი. უმეტესად სამწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5-20,4 %, მჟავიანობა 8,8-9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 9,0-10,0 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 207-209;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 220;
Рамишвили Р.М., Алмура шави, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат, Москва, 1963, Том I, Ст. 93-94.
ავტორი: ირმა მდინარაძე