საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქუთაისური წიწაკა


საზოგადო სახელი: წიწაკა მწარე

სახეობის სახელწოდება: Capsicum annuum L.

ჯიშის სახელწოდება: ქუთაისური - Capsicum annuum ‘ Kutaisuri’

წარმოშობა: დასავლეთ საქართველო,იმერეთის რეგიონი. გავრცელებულია I, II, III, VI, XII, XIV, და XXII ზონებისთვის. დარაიონებულია 1938 წლიდან.

ჯიშის დახასიათება: საშუალო სიმწიფის ჯიშია. ერთწლიანი თვითდამამტვერიანებელი მცენარეა. ყვავილი ორსქესიანია, ფერით თეთრი. თესლი ბრტყელი, ოდნავ მოღუნული, ყვითელი ფერის. ღერო სწორმდგომია, სიმაღლე 60–65სმ. ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, მაგრამ სუსტად დატოტვილი. ივითარებს საშუალო სიგრძის (9-10 სმ.), მცირედ მოხრილ, წაგრძელებულ კონუსისებურ ნაყოფს. ნაყოფის ბოლო წვეტიანია, კანი უხეში, უხვთესლიანი, სიმწიფეში კრიალა წითელი ფერი აქვს, მოუმწიფებელს კი მუქი მწვანე. ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, მშრალი ნივთიერების შემცველობა 15–16 %–ია, შაქრებისა – 5–7%. 100 გრამ ნედლ წონაზე C ვიტამინის შემცველობა 350 მგ–ს აღწევს. ივითარებს ძლიერ მწარე ნაყოფებს და ამიტომ უფრო სანელებლად გამოიყენება.
ჯიში გაუმჯობესებულია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქუთაისის მებოსტნეობის სასელექციო სადგურში, ადგილობრივ ჯიშ-პოპულაციიდან გამორჩევის გზით.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია: წიწაკა ერთ-ერთი სასარგებლო ბოსტნეულია. დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ხოლო C-ვიტამინის შემცველობით ყველა სხვა ბოსტნეულს აღემატება. ამიტომაც წიწაკა ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.
წითელ წიწაკაში არსებული კაპსაიცინი აძლიერებს მადას, კუჭის წვენის და ნაღვლის გამოყოფას, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

წყაროები: გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.
საქართველოს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ.
ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.
ნ. მემარნიშვილი, თ დონდუა მებოსტნის ცნობარი, „ელკანა“, 2009 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი