კახური გრძელი შავი
საზოგადო სახელი: საზამთრო
სახეობის სახელწოდება: Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. & Nakai
ჯიშის სახელწოდება: კახური გრძელი შავი-Citrullus lanatus ‘Kakhuri Grdzeli Shavi’
წარმოშობა: კახეთის რეგიონი. გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონებში და ქვემო ქართლში.
ჯიშის დახასიათება:
ჯიში საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. კახეთის ადგილობრივი ჯიშ- პოპულაციაა. კარგი ტრანსპორტაბელურია. საუკეთესო გემური თვისებებით.
ღერო მხოხავია, 4–5 მეტრის, ძლიერ დატოტვილი. ფოთოლი გრძელყუნწიანი, ფირფიტა საშუალოდ დანაკვთული. ყვავილები - ერთსქესიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელი. ჯვარედინდამამტვერიანებელი ერთწლიანი მცენარეა. ნაყოფის ფორმა: გრძელი, ცილინდრული და ზოგჯერ კვერცხისებურია. ინდექსი 1,75–2,5. ნაყოფის საშუალო წონაა 6–7 კგ. ზედაპირი გლუვია, უმნიშვნელოდ დასეგმენტებული. ნიადაგზე ნადები მხარე ყვითელია. ქერქი - სქელი, საშუალოდ 1,2–1,6 სმ. სისქის. მკვრივი. ნაყოფის ფერი კრიალა შავია, ზოგჯერ მოლურჯო, მუქი მწვანე. რბილობი უძარღვო, წვნიანი, ხრაშუნა, ტკბილი. საერთო შაქარი 8,6%, აქედან საქაროზა 2,5–3,1%, გლუკოზა – 1,7%, ფრუქტოზა 2,47%. გამოყენებული რბილობის რაოდენობა საშუალოდ 57%-ია, ქერქი – 41%–მდე, თესლი კი – 1,83%, რბილობის ფერი მოწითალო–მოვარდისფროა. თესლი საშუალო სიდიდისაა, მოგრძო ოვალური, შავი, ზოგჯერ მუქი ყავისფერი ან მოწითალო. საშუალო სიდიდის ნაყოფი შეიცავს 800–900 ცალ თესლს.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების მიმართ, ნაკლებ ავადდება ანთრაქნოზით.
წყაროები: გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965წ.;
ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი, 1970 წ.;
მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო– კვლევითი ანგარიში 1980 წ.;
ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.