საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუხრანული


საზოგადო სახელი: კიტრი

სახეობის სახელწოდება: Cucumis sativus L.

ჯიშის სახელწოდება: მუხრანული - Cucumis sativus ‘Mukhranuli’

წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სოფელი მუხრანი, დარაიონებულია 1947 წლიდან როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. აღმოცენებიდან პირველ კრეფამდე 60–70 დღე სჭირდება. ხასიათდება კარგი გემოთ, მსხმოიარობით და გვალვაამტანობით. მისი თესვა დახურულ გრუნტშიც შეიძლება.
ღერო მხოხავია, სიგრძე 200–350 სმ–მდე, ბარდი ძლიერი ზრდისაა. თესლი მსხვილია, თეთრი ფერის, ერთი ნაყოფიდან 8–10 გრ. თესლის მიღება შეიძლება, 1000 თესლის მასაა 32–40 გ. ერთ ბინიანი, ცალსქესიანი მცენარეა. მამრობით და მდედრობით ყვავილებს ერთსა და იმავე მცენარეზე ივითარებს. პირველსა და მომდევნო რიგის ღეროებზე მდედრობითი ყვავილები უფრო მეტია, ვიდრე მთავარზე. ნასკვები მარტოულად სხედან და იშვიათად ჯგუფურად, ნასკვი რთული შებუსვისაა, ბუსუსი თეთრია.
ნაყოფი მუქი მწვანეა, ზედაპირი მთლიანად გლუვია, კრიალა, გრძელი და წვრილი, ცილინდრული ფორმის, შუა წელში უმნიშვნელოდ შევიწროებული. მისთვის დამახასიათებელია სწორი ან მცირედ მოხრილი ყელი. ნაყოფის სიგრძე 20–25 სმ. მუხრანულის ნათესებში გვხვდება, ისეთი ნაყოფებიც, რომელთაც ზედაპირზე თავიდან ბოლომდე გასდევს მოთეთრო ან მოყვითალო–მოთეთრო ფერის ზოლები. სათესლედ მომწიფებული ნაყოფები მუქი მიხაკისფერია, მსხვილ უჯრედიანი, ორმაგი ბადიანობით.
ირ. მაჭავარიანმა 1948 წლიდან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ეს ჯიშ-პოპულაცია გამორჩევის მეთოდით გააუმჯობესა და საქართველოს ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო კომისიამ შესწავლის შემდეგ ჩათვალა 100%–იან ჯიშურად წმინდა ჯიშად. საშუალო მოსავლიანობა - 30 ტ/ჰა. ნაყოფის ქიმიური

შედგენილობა: მშრალი ნივთიერება 5,72%, ვიტამინი ც–6,0 მგ., საერთო შაქარი 2,36%, სიმჟავე 0.014%, ნაცარი 0,1021%, ცილა 0,4705%, უჯრედანა 0,158%. საუკეთესო სასალათეა.

დამატებითი ინფორმაცია: კიტრის კვებითი ღირებულება დიდი არ არის, რადგანაც მისი 94–97% წყალია, რომელიც თავის შედგენილობით დისტილირებულს უახლოვდება. კიტრის წყალი ხელს უწყობს მავნე ტოქსინების გახსნას, ე.ი. ორგანიზმს ეხმარება შხამიანი ნარჩენების გამოყოფაში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. თესლი შეიძლება ინახებოდეს კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.

წყაროები: გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.;
ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში, სადისერტაციო შრომა, თბილისი, 1970 წ.;
ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა. თბილისი 1998 წ.
ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დონდუა მებოსტნის ცნობარი, ელკანა 2009 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი