ბაზრის საკვირველება
საზოგადო სახელი: პომიდორი
სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.
ჯიშის სახელწოდება: ბაზრის საკვირველება 20 - Solanum lycopersicum ‘Bazris Sakvirveleba 20’
წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი. გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველო: იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რეგიონი. ქედის, შუახევის და ხულოს რაიონების მთაგორიანი ნაწილი. აღმოსავლეთ საქართველო: გორის, დუშეთის, ქარელის, კასპის, მცხეთის, ხაშურის რაიონების სარწყავი ნაწილი, აგრეთვე ზნაურის, ახალგორის და ცხინვალის რაიონების დაბლობი სარწყავი ნაწილი. ალაზნის ველის, გურჯაანის, სიღნაღის, თელავის სარწყავი ნაწილი და დედოფლისწყარო. დარაიონებულია 1947 წლიდან.
ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო საგვიანოა,დათესვიდან პირველი ნაყოფი 120-130 დღეში მწიფდება. ბუჩქი მაღალი, მძლავრი ზრდის, უხვად დატოტვილი, ნაყოფი მობრტყო-მომრგვალოა, ყუნწთან სუსტი წახნაგებით, მონარინჯისფერო წითელი. ნაყოფის რბილობი მკვრივია, მაღალი გემური თვისებებით, მშრალი ნივთიერების შემცველობა 5,7 %, ერთი მცენარის მოსავალი 0,9კგ.
ტრანსპორტაბელურია, გამოიყენება როგორც საკონსერვო წარმოებაში, ასევე სასალათედ. სასაქონლო მოსავალი 51,6 ტ/ჰა.
გაუმჯობესებულია ჯიშშიგნითა შეჯვარებითა და ინდივიდიალური შერჩევით გორის მებოსტნეობის საცდელ სადგურში ხანგრძლივი მუშაობის შედეგად.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში, ან ინახება საზღვარგარეთ რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: პომიდორის კვებითი ღირსება მისი გემური თვისებებითაა განსაზღვრული. გამოირჩევა ვაშლის, ლიმონმჟავას, ხსნადი შაქრების, არომატული ნივთიერებების და ვიტამინების შემცველობით, მასში ყველაზე მეტია კალიუმის მარილები, რომლებიც აუმჯობესებენ გულის მუშაობას, არეგულირებენ ქსოვილებში წყლის შემცველობას, ხელს უშლიან ორგანიზმში თრომბის წარმოქმნას და, აქედან გამომდინარე, ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. პომიდორს აქვს უნარი წინაამღდეგობა გაუწიოს ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური დაავადებების განვითარებას.
წყაროები: : მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის 1966 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში.
ირაკლი მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა თბილისი, 1998;
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო შრომების კრებული XXXXIV, თბილისი 2004.