დიღმური სუფრის ჭარხალი
საზოგადო სახელი: სუფრის ჭარხალი
სახეობის სახელწოდება: Beta vulgaris L.
ჯიშის სახელწოდება: დიღმური–Beta vulgaris ‘ Digmuri’
წარმოშობა: მცხეთა მთიანეთის რეგიონი სოფელი დიღომი. გავრცელებულია, როგორც თბილისის გარე უბნებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. მისი გავრცელების არეალი ძალიან ფართოა, ადის 2000 მეტრზე და უფრო მაღლაც ზღვის დონიდან.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, აღმოცენებიდან ძირხვენის განვითარებას სჭირდება 130 დღეზე მეტი. ორწლიანი მცენარეა: პირველ წელს ინვითარებს ძირხვენას და ფოთლებს, მეორე წელს - საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს.
ფოთლის ფირფიტის ფორმა სამკუთხაა, ფერი - მუქი მწვანე წითელი პიგმენტაციით. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ძლიერ ტალღოვანია. ფოთლის როზეტის ზომა საშუალოა, ფორმა - ნახევრად აწეული. ივითარებს გრძელ ან კონუსისებრ ძირხვენას. რბილობი მუქი წითელია, მოშავო წითელი რგოლებით. ძირხვენა ნახევრად ჩამჯდარია ნიადაგში და ამოღება ძალიან ძნელია. გამოირჩევა კარგი შენახვის უნარიანობით. ბაძოებზე თესვისას ივითარებს მსხვილ ძირხვენებს და უხვ მოსავალს იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივ თესვისას. მისთვის ნიადაგი უფრო ღრმად უნდა დამუშავდეს, ვიდრე მრგვალი ფორმის ჯიშებისთვის.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება როგორც სასურსათედ, ასევე საკონსერვო წარმოებაში. ფოთოლი მხალად საუკეთესოა.
წყაროები: : ა. სარალიძე, ა. რუხაძე, მებოსტნის ცნობარი, თბილისი, 1981 წ.
ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის, გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში, 1980წ.
ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი 1998 წ.