ნანტის გორული
საზოგადო სახელი: სტაფილო
სახეობის სახელწოდება: Daucus carota L.
ჯიშის სახელწოდება: ნანტის გორული- Daucus carota ‘ Nantis Goruli’
წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი. გორი. დარაიონებულია 1947 წლიდან I / გარდა ზუგდიდისა და ხობის რაიონებისა / II, III, VI, VII , IX, X, XII /დმანისის რაიონისათვის / XIII, XIV, XVI, და XIX ზონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: თესვა შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულში. სავეგეტაციო პერიოდი საშუალო სიმწიფისაა. თესვიდან 120–125 დღის შემდეგ აღწევს ტექნიკურ სიმწიფეს. ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს იძლევა სასაქონლე ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და თესლს.
როზეტის ფორმა ნახევრად გადაშლილია, როზეტის სიმაღლე 15სმ. ფოთლის შეფერვა მწვანე, ფორმა ლანცეტური დანაკვთული. ივითარებს ცილინდრული ფორმის, ზოგიერთ შემთხვევაში სწორ ძირს, ძირხვენის ბოლო ბლაგვია. რბილობის ფერი მონარინჯისფერო–წითელი. საშუალო სიგრძისაა 12–16 სმ. ძირხვენის საშუალო მასაა 100–120 გრ. გამოირჩევა საუკეთესო გემური თვისებებით, კარგი შენახვის უნარიანობით. მოსავლიანი ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება თესლი ინახება რომელიმე კერძო კოლექციონერთან.
დამატებითი ინფორმაცია: სტაფილო ხელს უწყობს მრავალი დაავადების პროფილაქტიკას. ამაგრებს ღრძილებს. მოხარშული სტაფილო რეკომენდებულია ქოშინის,ხველების დროს, ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის. სტაფილოს წვენი გამოიყენება დიეტური კვების დროს. ორგანიზმი კაროტინს უკეთესად ითვისებს ცხიმთან ერთად; ამიტომ რეკომენდებულია სტაფილოს კერძი მომზადდეს რძით, არაჟნით, ნაღებით, მცენარეული ზეთებით და კარაქით, ვიდრე უბრალოდ წყალში მოიხარშოს.
სტაფილოს ძირხვენის ფერი დამოკიდებულია მასში ბუნებრივი მღებავი ნივთიერებების – ანტოციანის და კაროტინის შემცველობაზე.
წყაროები:
გ. კვაჭაძე მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.;
ი. პროხოროვი, ს. პოტაპოვი ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურების სელექცია და მეთესლეობა. თბილისი, 1980 წ.;
ნ. მემარნიშვილი, თ. დონდუა მებოსტნის ცნობარი, „ელკანა“, 2009 წ.