ქართული
საზოგადო სახელი: ნიახური
სახეობის სახელწოდება: Apium graveolens L.
ჯიშის სახელწოდება: ქართული - Apium graveolens ‘Kartuli’
წარმოშოშობა: დასავლეთ საქართველო, იმერეთის რეგიონი. დარაიონებულია 1981 წლიდან საქართველოს ყველა ზონაში და საკონსერვო მრეწველობისათვის.
ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო ვეგეტაციისაა. სავეგეტაციო პერიოდი სრული აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 67–71 დღეა. ფოთლის როზეტი სწორმდგომია, მწვანე შეფერილობის, ფოთლების ზედაპირი გლუვია.
ძირხვენა რუხი–ყავიფერი შეფერილობისაა, სიგრძით 8 სმ., დიამეტრი შუა ნაწილში 2 სმ. დატოტვილი. რბილობი მონაცრისფრო–თეთრი, გული თეთრი. რბილობი მშრალი და უხეშია. საჭმელში არ იხმარება. ერთი მცენარის მასაა 76–98 გრ.
წყალტუბოსა და მცხეთის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე გამოცდისას / 1978–1979წ.წ/ ძირხვენების მოსავალმა ფოთლებთან ერთად შეადგინა საშუალოდ 53,2 ტ/ჰა. აჯობა სტანდარტს (8,9 ტ/ჰა). მცენარე გამოირჩევა ძლიერი არომატით.
საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს მებოსტნეობის საცდელი სადგურის ჯიშია. გამოყვანილია ინდივიდიალური შერჩევით ნიახურის ადგილობრივი პოპულაციიდან.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: ნიახური ჩვენში ძველთაგანვე ცნობილი კულტურაა, მოიხმარება როგორც ფოთოლი, ასევე ძირები. საჭმელად გამოიყენება ნედლი სახით. ფოთოლს და ძირებს იყენებენ აგრეთვე საკონსერვო მრეწველობაში მწნილების დასამზადებლად.
წყაროები: : გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.;
მიწათმოქმედების ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელი სადგურის 1977 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.