თაქთაქიშვილი
საზოგადო სახელი: ნესვი
სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.
ჯიშის სახელწოდება: თაქთაქიშვილი -Cucumis melo ‘Taktakishvili’
წარმოშობა: შიდა ქართლი, ბორჯომის რაიონი. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
ჯიშის დახასიათება: საშუალო-საადრეო ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე / პირველ კრეფამდე / სჭირდება 83 დღე. ღერო მხოხავია (4–4,5 მ.). ბარდი ძლიერ დატოტვილი, ფოთოლი დანაკვთული, მუქი მწვანე ფერის. ერთსახლიანი და ცალსქესიანი ჯვარედინდამამტვერიანებელი მცენარეა. თესლი მოგრძოა, თეთრი, თესლბუდე მკვრივია. ნაყოფის ფორმა მობრტყელო-მრგვალია, თავსა და ბოლოში ჩაზნექილია, ხოლო ზედაპირი დაღარული აქვს. კანი ყვითელი ფერისაა და დაფარულია ბადით. ნაყოფის საშუალო წონა 3 კგ–მდეა.
ნაყოფის რბილობი არომატული, საშუალო სისქის, მკვრივი და ნარინჯისფერია, ხოლო კანის მხარეს რბილობი მწვანეა. ტრანსპორტაბელურობა სუსტი აქვს.
გამოყვანილია ბორჯომის რაიონის მიჩურინელ მცდელ სელექციონერების გ. და მ. თაქთაქიშვილების მიერ, ჰიბრიდიზაციის მეთოდით. მშობელ ფორმებად აღებული იყო ჯიში „ნესვთა მეფე დიდი პრესკოტი“. ჰიბრიდის ხანგრძლივი აღზრდისა და გამორჩევის გზით მიღებულ იქნა ახალი ჯიში - „თაქთაქიშვილი“.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.
წყაროები: ირ.მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.