საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კავკასიური ნაგაზი


საზოგადო სახელი: ძაღლიkavkasiurinagazi ლათინური დასახელება: Canis lupus familiaris ჯიში: კავკასიური ნაგაზი წარმოშობა: ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშის ძაღლია. ჯიშის წარმოშობის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2 ათასი წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით, ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს. ეს ჯიში პირველად, XIX საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ზოოლოგმა მიულერმა საქართველოს მთიანეთში აღწერა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით არის განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი. 1990 წელს ეს ძაღლი რუსმა „კინოლოგებმა“ მსოფლიო კინოლოგიურ საზოგადოებებში წარადგინეს ,კავკაზკაია ოვჩარკა”- ს სახელით, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI) დამტკიცებული სტანდარტით.
მოკლე აღწერა: კავკასიური ნაგაზი დიდი ზომისა და ძლიერი აგებულების მქონე, საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლია. თავი- დიდი და განიერი, ყურები ჩამოყრილი, კისერი მოკლე და კარგად დაკუნთული, ზურგი- განიერი და სწორი, წელი მოკლე, განიერი და ძლიერი. გავა ოვალური ფორმის, კუდი მაღლა დასმული, ძირს დაშვებული სწვდება სახტომ სახსარს. ხვადის სიმაღლე მინდაოში 72-75 სმ (არანაკლებ 68 სმ-სა), ხოლო ძუს- 66-69 სმ-ა (არანაკლებ 64 სმ-სა). ფორმატის ინდექსი 104-108. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი, ბეწვი სხეულზე მჭიდროდ გადაკრული, უხეში, სწორი და კარგად განვითარებული, შედარებით ღია ფერის თივთიკით. ბეწვის სიგრძის მიხედვით ეს ძაღლი იყოფა ორ ტიპად: გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი კომბინაციის ბეწვის შეფერილობა.
დღევანდელი მდგომარეობა: საგულისხმოა, რომ დღეს მომქმედი ჯიშის სტანდარტი შედგენილია ქართული ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით და ამას აღიარებენ რუსი კინოლოგებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კავკასიური ნაგაზის საუკეთესო პოპულაცია გავრცელებულია საქართველოში. ჩვენში განასხვავებენ ამ ძაღლის გერგეთულ, გარბენულ, სტეფანწმინდურ და ახალციხურ ტიპებს (ხევი). ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გარდა გაყვანილია გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. 1992 წელს თერჯოლის რაიონის სოფ. სიქთარვაში წმიდა გიორგის მონასტრის ძმობამ დააფუძნა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“, რომლის მიზანია ქართული პოპულაციის ნაგაზის სელექცია და პოპულარიზაცია. აქ დღეისთვის 19 ძაღლი ჰყავთ. წყაროები: ნ. მამუკელაშვილი, ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” შრომები, 2013; რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2004; ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები (II). რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N24, აპრილი, 2010 წ, http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi-2/. (14.01.2014).
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა