ჩვეულებრივი (ევროპული) ლოქო
საზოგადო სახელი: ლოქო
ლათინური დასახელება: Silurus glanis
სახეობა: ჩვეულებრივი (ევროპული) ლოქო
წარმოშობა: ლოქო (ღლავი) ლოქოსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად გამსვლელი თევზია, კარგად ეგუება ტბის პირობებს; მტკნარი წყლის ყველაზე დიდი მტაცებელია. საქართველოში გვხვდება ადგილობრივი ფორმა.

მოკლე აღწერა: დამახასიათებელია წაგრძელებული ფორმის, უქერცლო სხეული, ტანთან შედარებით, გაცილებით დიდი ზომის თავი, ფართო და განიერი პირი, რომელშიც მცირე ზომის, დიდი რაოდენობით კბილებია განლაგებული. ზედა ყბაზე მას აქვს ორი საკმაოდ გრძელი, ხოლო ქვედაზე ოთხი მცირე ზომის ულვაში. ულვაშებს ის იყენებს როგორც საცეცებს და მათი დახმარებით სრულ სიბნელეშიც კი პოულობს საკვებს. ისინი ასევე სხვა თევზების სატყუარის როლსაც ასრულებენ. ზურგის ფარფლი პატარაა, ანალური კი გრძელია და აღწევს ბოლოს ფარფლამდე. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მომრგვალებული ფორმისაა.
სხეულის ფერი დამოკიდებულია ადგილსამყოფელზე: ზურგი რუხი, ხშირად მომწვანოა, მუცელი კი თითქმის თეთრი; გვერდებზე უფორმო ლაქები აქვს, რომლებიც მუცელზე, ჩვეულებრივ, მოცისფროა; ფარფლები მუქია.
ძველ ხელნაწერებში აღწერილია 5 მეტრი სიგრძისა და 400 კგ მასის ლოქო. ბოლო მონაცემებით სხეულის სიგრძე აღწევს 3 მეტრს, ხოლო მასა 200 კგ-ს, მაგრამ, როგორც წესი, მეთევზეთა ნადავლი ხდება 5- დან 30 კგ- მდე ეგზემპლარები, ხოლო 80 კგ მასის რეკორდულად ითვლება.
ცოცხლობს 30 წელზე მეტს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. ქვირითობს მაისიდან აგვისტომდე, წყლის ტემპერატურის +20°С მიღწევის შემდეგ. ნაყოფიერება აღწევს 11000-500000 ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრი 2,5-3,0 მმ-მდეა. ინკუბაცია გრძელდება 3-4 დღე. ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა- ლიფსიტების გამოჩეკვამდე მამრი იცავს ქვირითს.
ძირითადად იკვებება: თევზებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, წურბლებით, ბაყაყებით, ლეშით და სხვ. ნადირობისას უმეტესად ფსკერზე გაუნძრევლადაა დაწოლილი, მხოლოდ ულვაშებს არხევს და ელოდება მსხვერპლს. ზამთარში ლოქო გამოსაზამთრებელ ორმოებში წვება, ზამთრის ძილქუშს ეძლევა და არ იკვებება, ვიდრე წყალი +8...+10°С ტემპერატურამდე არ გათბება.
დღევანდელი მდგომარეობა: ბინადრობს მდინარეებში, ტბებსა და წყალსაცავებში. ძირითადად ეტანება წყნარ, ღრმა და ლამიან ადგილებს. საქართველოში გვხვდება მდინარეებში მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, აგრეთვე ჯანდარის, ლისის, ბებესირის, ბაზალეთის და პალიასტომის ტბებში;
აქვს სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო მოპოვება ხდება ჯანდარისა და პალიასტომის ტბებში, აგრეთვე მდ. ალაზანსა და მტკვარში. საკმაოდ ცხიმიანი (4-11%) და გემრიელი თევზია.
წყაროები: : საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970;
საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013;
http://www.geofauna.ge/tevzebis%20samyaro/tevzis%20jishebi%20saqartveloshi/loqo/loqo.html (18.02.2014);
Эланидзе Р. Ф. , Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.