მტკვრის წვერა
საზოგადო სახელი: წვერა
ლათინური დასახელება: Barbus barbus
ქვესახეობა: მტკვრის წვერა
წარმოშობა: მტკვრის წვერა (Barbus lacerta cyri) ამ მდინარის და მისი შენაკადების ენდემური სახეობაა. მტკნარი წყლის ტიპური ბინადარია. უყვარს ღრმა წყალი, ხრეშიან-ქვიანი ფსკერი და ის ადგილები, სადაც დინება სწრაფია. იშვიათად გვხვდება მდგარ წყალში და მდინარეების ნაპირებთან ახლოს.
მოკლე აღწერა: წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე გამოირჩევა უფრო ბრტყელი ზურგით. აქვს საკმაოდ შეზნექილი, მაღალი სხეული და ძლიერი კბილები, ზურგის ფარფლის უკანა ნაწილი გამსხვილებულია და კბილანებით ბოლოვდება. აქვს ქვედა პირი ორი წყვილი ულვაშით, რაც ფსკერული ტიპის თევზებისთვისაა დამახასიათებელი.
სხეული ღია ვერცხლისფერია და დაფარულია წვრილი, მუქი რუხი წინწკლებით; ზურგი უფრო მუქია და მომწვანო ელფერი დაჰკრავს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია, ზურგის და კუდის ფარფლი რუხია, ქვედა წყვილ ფარფლებს კი წითელი ფერი დაჰკრავთ.
სხეულის სიგრძე 38 სმ-ს, მასა კი 300 გ-ს აღწევს (ზოგიერთი მონაცემით 50 სმ და 1 კგ- მდე). სხეულის ზომის მიხედვით მკვეთრად არის გასმოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. დედალი 3-4 ჯერ დიდია მამალზე.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. ტოფობს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ნაყოფიერება აღწევს 4-30 ათასს კვერცხს. ზოგიერთი მონაცემით გამრავლების დროს მისი ქვირითი შხამიანია.
ზრდასრული წვერა ძირითადად მარტო გადაადგილდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნის. არსებობისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +15...+220C- ის ფარგლებშია.
იკვებება უმეტესად ცხოველური ბენთოსით, ცხოველური და მცენარეული დეტრიტით, ზოგჯერ ჭამს წვრილ თევზებსა და მათ ქვირითს. ძირითადად იკვებება ღამით და გამთენიისას. ინტენსიურ კვებას იწყებს ტოფობის შემდეგ. ზამთარში აღარ იკვებება და გამოსაზამთრებლად წვება ღრმა ორმოებში.
დღევანდელი მდგომარეობა: მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოსა და აზერაბაიჯანში, ზოგიერთი მონაცემით კი სომხეთსა და ირანშიც გვეხდება. გავრცელების ძირითადი კერა კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია: მტკვარი, არაქსი, ლენკორანკა. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად გვხვდება მტკვრის მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში, აგრეთვე არაგვში, ქსანში, ლიახვში, იორსა და ალაზანში; გვხვდება ჯანდარის, შედარებით ნაკლებად ფარავნის და საღამოს ტბებში, აგრეთვე ხრამის, სიონის და თბილისის წყალსაცავებში. მდინარეებში ადის კალმახის გავრცელების ქვედა უბნამდე.
წყაროები: საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970;
საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013;
Эланидзе Р. Ф. Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.