საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაპარჭინა


საზოგადო სახელი: კაპარჭინაkaparchina ლათინური დასახელება: Abramis brama სახეობა: კაპარჭინა წარმოშობა: კაპარჭინა (კაპარჭა) კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად გამსვლელი თევზია. ადგილობრივი ფორმა გავრცელებულია კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, ფიჩორი, ენგური, თიქორი, აგრეთვე ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. საბინადროდ, უმეტესად, ირჩევს აღნიშნული მდინარების ქვემო დინების, მცენარეებით მდიდარ ადგილებს, აგრეთვე, ზღვის გამტკნარებულ უბნებს.
მოკლე აღწერა: დამახასიათებელია ვიწრო, გვერდებიდან შებრტყელებული და მაღალი სხეული (სხეულის სიმაღლე, სიგრძის თითქმის 1/3-ს აღწევს). პირი პატარა, ნახევრად ქვედა განლაგების აქვს. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. ანალური ფარფლი რამდენადმე გრძელია. სხეულის და მკერდის ფარფლები მონაცრისფროა, დანარჩენის ბოლოები მოშავო. მიეკუთვნება ქარავნული ტიპის თევზებს. იგი ერთიანდება ერთასაკოვან ქარავანში და მთელი დღის განმავლობაში მიგრიგებს წყალსატევის მასშტაბით. იზამთრებს ღრმულებში, სადაც დიდი რაოდენობით გროვდება. ცოცხლობს 20 წლამდე. სხეულის სიგრძე შეადგენს 45 სმ-ს, იშვიათად 75 სმ-ს. მასა 6 კგ-მდე და მეტი. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკიდან. მრავლდება მარტის ბოლოს-აპრილში (სხვა მონაცემებით - აპრილიდან ივლისამდე) თხელწყლიან, წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებში, წყლის +12...+130C ტემპერატურისას. ამ პერიოდში მამრებს თეთრი გამონაყარი უჩდებათ, რომელიც ქვირითობის შემდეგ ქრება. ნაყოფიერება აღწევს 90-700 ათასამდე ქვირითს, რომლის დიამეტრი 1-1,5 მმ-ს შეადგენს; ქვირითი წებოვანია, მისი განვითარება წყლის +200C ტემპერატურის პირობებში გრძელდება 6 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლავრის სიგრძე აღწევს 4,2-4,4 მმ-მდე. ამრავლებენ ხელოვნურადაც. იკვებება, ძირითადად, კიბოსნაირებით, ჭიებით, ლოკოკინებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, აგრეთვე წყალმცენარეებით. მოზარდი იკვებება ზოოპლაქტონით.
დღევანდელი მდგომარეობა: სიმცირის გამო, კაპარჭინა საქართველოში, ძირითადად, სამოყვარულო თევზჭერის ობიექტია. რეწვისას იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. დიდი ეგზემპლარების ცხიმიანობა შემოდგომით აღწევს 4.9-8.7%-ს, პატარა ეგზემპლარები კი შედარებით მჭლეა. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია ე.წ. აღმოსავლური კაპარჭინა, რომელიც მიეკუთვნება პონტო-კასპიის ფაუნისტური კომპლექსის ქვესახეობას (Abramis brama orientalis) და საქართველოს მდინარეებში ვეღარ შემოდის მინგეჩაურისა და შამქორის წყალსაცავების შექმნის შემდეგ. წყაროები: საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970; საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013; http://www.geofauna.ge/tevzebis%20samyaro/tevzis%20jishebi%20saqartveloshi/loqo/loqo.html (14.01.2014) ; http://club-monadire.ge/index.php?showtopic=53 (14.01.2014); http://www.bazieri.ge/publ/fauna_flora/fishes_inhabiting_in_georgia/k'ap'arch'ina_albamis_brama_linne/69-1-0-1232 (16.01.2014); Эланидзе Р. Ф., Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა