საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მტკვრის ნაფოტა


საზოგადო სახელი: ნაფოტაnafota ლათინური დასახელება: Rutilus rutilus ქვესახეობა: მტკვრის ნაფოტა (Rutilus rutilus caspicus natio) წარმოშობა: კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია. გვხვდება მტკვარში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში, სადაც შემოვიდა მტკვრის ქვემო დინებიდან, მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მტკვარში, შესართავამდე და კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში. აქ ნახევრად გამსვლელი და მტკნარი წყლის ფორმებია.
მოკლე აღწერა: ზურგი მუქი ნაცრისფერი აქვს, გვერდები და მუცელი - ვერცხლისფერი, ფარფლები - ნაცრისფერი, კიდეებზე კი მოშავო. თვალი მოვერცხლისფრო, ზოგიერთ ინდივიდს კი ოქროსფერი აქვს. პირი თითქმის ქვედაა. სქესობრივი სიმწიფისას სხეულსა და ფარფლებზე უჩნდება ეპითელური ბორცვაკები, უფრო მეტი რაოდენობით - მამლებს. ზრდასრულობისას სხეულის სიგრძე სიგრძე 37 სმ- ს, მასა კი 550 გ- ს შეადგენს; ერთეული ეგზემპლარების მასა 700 გ-მდე აღწევს. ცალკეული ინდივიდები სქესობრივად მწიფდება მეორე, მასობრივად კი მესამე წლიდან. ნაყოფიერება შეადგენს 1000-55000 ქვირითს, რომლის დიამეტრი 1.06 – 1,63 მმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. მრავლდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, მარტიდან ივნისამდე; ტოფობს თხელწყლიან ადგილებში, წყალქვეშა მცენარეებზე. წყლის +18...+190C ტემპერატურაზე ქვირითის ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღე-ღამე; ლავრის სიგრძე ქვირითიდან გამოსვლისას აღწევს 5-6 მმ- ს. იკვებება მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებითა და მცენარეულობით. ლიფსიტები იკვებებიან, ასევე, პლანქტონით, კლადოცერებით, ნიჩაბფეხიანებით, ერთდღიურების ჭუპრებით და სხვ.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოს წყლებში გავრცელების შემდეგ თბილისის წყალსაცავში მოიპოვა სარეწაო მნიშვნელობა; არსებული მონაცემებით 1961-1965 წლებში მოპოვებულ იქნა 2,1 ტონა. აზერბაიჯანში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეწაო ფორმად. საკმაოდ გემრიელი თევზია, ცხიმიანობა აღწევს 2,4 %-ს. დამატებითი ინფორმაცია: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის № 30 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.05.2011) ნაფოტას ჭერა ნებადართულია 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე. წყაროები: საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970; საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013; http://www.geofauna.ge/tevzebis%20samyaro/tevzis%20jishebi%20saqartveloshi/nafota%20mtkvris/nafota%20mtkvris.html (25.02.2014); Эланидзе Р. Ф., Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა