ქართული კამეჩი
საზოგადო სახელი: კამეჩი
ლათინური დასახელება: Bubalus bubalis
ჯილაგი: ქართული კამეჩი
წარმოშობა: ქართული კამეჩი, კავკასიური ჯიშის კამეჩის ერთ-ერთი ჯილაგია. მიეკუთვნება აზიური გარეული კამეჩი არნის მოშინაურებული ფორმებიდან ერთ-ერთს- მოკლერქიანი, ანუ წყლის კამეჩების ჯგუფს.
საქართველოში კამეჩის მოშენებას ოდითგანვე მისდევდნენ. ჩვენში შინაური კამეჩის არსებობა დადასტურებულია ბერძენი გეოგრაფის, მოგზაურის და ფილოსოფოსის სტრაბონის (ძვ.წ. 63/64-23-24) ნაშრომში, რომლის მიხედვით “ალბანიიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩიანზე ძევს“. ვახუშტის ცნობით კამეჩი ფართოდ ყოფილა გავრცელებული სრულიად საქართველოში „ქართლში, თიანეთში, დუშეთში, დიდოეთში, აფხაზეთში, იმერეთში და კახეთში“.
1903 წელს ჩვენში ჰყოლიათ 151,9 ათ. სული ეს ცხოველი, 1990 წლისთვის 40,0 ათ. სული, ხოლო 2004 წლის აღწერის მასალების მიხედვით აღრიცხულია მხოლოდ 27,1 ათ. სული, რომელთაგან 17,36 ათ. სული ფურკამეჩია;
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში ფუნქციონირებდა ქართული კამეჩის 2 სანაშენე ფერმა (სოფ. ყულევი, ხობის რ-ნი და სოფ. ჯაფარიძე/დღ. სამრეკლო, დედოფლის წყაროს რ- ნი), ხოლო ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ფუნქციონირებდა მეკამეჩეობის სპეციალიზებული მეურნეობა, სადაც ჰყავდათ 1230 სული კამეჩი.
მოკლე აღწერა: ქართული კამეჩი მინდაოში სიმაღლით და ტანის ირიბი სიგრძით აღემატებიან კავკასიის სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ჯილაგებს, ხოლო გულმკერდის ირგვლივისა და სიგანის განაზომებით რამდენადმე ჩამოუვარდება მათ. ქართული ჯილაგის ცხოველები ფერად შავი ან მოშავო-ნაცრისფერია. მას სხეულზე მეტად იშვიათად აქვთ თეთრი ნიშნები, ხოლო კუდის ფუნჯის ბოლოზე ბალანი თეთრია, ან ყველა ინდივიდს ურევია თეთრი ფერის ბალანი.
ზრდასრული ფურკამეჩის ცოცხალი მასაა 400-550 კგ, კუროკამეჩის 650-780 კგ, ხოლო ახალშობილი ზაქის 27-31 კგ. ტრადიციული მოვლა-შენახვისა და კვებისას ქართული ფურკამეჩის ლაქტაციური მონაწველი 1300-1500 კგ რძეა, გაუმჯობესებული კვების პირობებში კი 2000 კგ-ს აღემატება, 7,66-8,04% ცხიმიანობით.
სუქებისას ზაქის ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური წონამატია 700-950 გ-ს, ხოლო ნაკლავის გამოსავალია 50-54%.
კამეჩი გამოირჩევა კარგი სამუშაო თვისებებითაც.
დღევანდელი მდგომარეობა: დღეისთვის კამეჩს აშენებენ საქართველოს ყველა ბუნებრივ-ეკონომიკურ ზონაში. მისი ხვედრითი წილი ძროხეულის საერთო სულადობაში, როგორც ყოველთვის, მაღალია ხობის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ქიზიყში, ანუ ამ სახეობისთვის კიდევ ერთ ტრადიციულ კუთხეში, ბოლო წლებში სულადობა მკვეთრად შემცირდა.
ქვეყნის მასშტაბით ამ სახეობის ცხოველებთან არ მიმდინარეობს სანაშენე მუშაობა, რაც ჯიშის დეგრადაციის საშიშროებას ქმნის.
წყაროები: გ. გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ. მაჭარაშვილი, ლ. ტაბატაძე- მეკამეჩეობა. თბილისი, „უნივერსალი“, 2012.
გ. გოგოლი, მეკამეჩეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. „მეცნიერება და კულტურა“, ტ. II, 2013;
გ. დალაქიშვილი, როგორ მოვაშენოთ კამეჩი. თბილისი, 2001;
ს. კილაძე- პირველი მეკამეჩეობის მეურნეობა. „საქართველოს სოფლის მეურნეობა“, № 4, 1975.