მდინარის კალმახი
საზოგადო სახელი: კალმახი
ლათინური დასახელება: Salmo fario
ქვესახეობა: მდინარის კალმახი
წარმოშობა: მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს. უყვარს ცივი, ჟანგბადით მდიდარი და სუფთა წყალი. ჩვენში გვხვდება მთის მდინარეების, მტკვრის, ალაზნის, ივრის, სუფსის, რიონისა და ხობის ზემო დინებაში, ხოლო ენგურში, კოდორში, გუმისთაში, ბზიფში, ჭოროხში და სხვ. ვრცელდება მთელ სიგრძეზე; ბინადრობს მცირე ჯგუფებად მდინარის უფრო წყნარ მონაკვეთებში. კარგად ეგუება ჩქარ დინებას და ადის მთის მდინარეების სათავეებში, სადაც სხვა თევზები პრაქტიკულად არ გვხვდება. კალმახისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა +8...+16C.

მოკლე აღწერა:
ტბის კალმახთან შედარებით უფრო პატარა ზომისაა: სიგრძე ძირითადად 20-25 სმ, ცოცხალი მასა კი 100-200 გ- ა; ზრდასრულის მასა 800 გ- ს, იშვიათად კი 2 კგ-მდე აღწევს. მამრი უფრო პატარა ტანისაა, ვიდრე მდედრი.
მდინარის კალმახის შეფერილობა ხასიათდება მრავალ ფერთა შერწყმით, მაგრამ ხშირად არაერთგვაროვანია და ცვალებადობს მდინარეში წყლისა და ფსკერის მდგომარეობის, წლის დროის, ასაკის, სქესის და საკვების მიხედვით. ზურგი ყოველთვის წაბლისფერი ან მომწვანო-წაბლისფერია, გვერდები მოყვითალო ან ყვითელია და დაფარულია მოწითალო-ნარინჯისფერი, შავი და/ან თეთრი ფერის ხალებით, რომელსაც შემოვლებული აქვს არშია. ზოგიერთ ინდივიდში შეიძლება სჭარბობდეს წითელი ან შავი ხალები. ზურგის ფარფლზე ასევე მიმობნეულია თეთრი და შავი ხალები, მუცლის წყვილი ფარფლი კი მოყვითალო-ნაცრისფერია და მომრგვალებული ფორმა აქვს.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. მრავლდება სხვადასხვა დროს, სექტემბრიდან-თებერვლამდე. ტოფობს თხელწყლიან, სწრაფად მდინარე და ქვა-ქვიშიან ადგილებში, წყლის +4...+80C ტემპერატურისას. 3 წლის მდედრი ყრის დაახლოებით 500, 4-5 წლისა - 1000 და მხოლოდ უფრო ასაკოვანი და დიდი წონის ყრის რამდენიმე ათას ცალ მოყვითალო ან მოწითალო ფერისა და 4-6 მმ დიამეტრის კვერცხებს (ქვირითს). კალმახი ქვირითს ყრის თავის ამოთხრილ ორმოში, რომელსაც მამრის მიერ განაყოფიერების შემდეგ ფარავს ქვიშით. +9…+20C ტემპერატურაზე ლარვა 35-40 დღის შემდეგ იჩეკება.
ქვირითის დაყრის შემდეგ კალმახი გადაინაცვლებს მთის მდინარის უფრო დაბლა ზონისკენ და იზამთრებს მეტ-ნაკლებად ღრმა ადგილების ფსკერზე. მოზარდები მცირე გუნდებად გადაადგილდებიან, უპირატესად, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, განსაკუთრებით კი წვიმის შემდეგ წყალმოვარდნისას.
როგორც წესი, კალმახი იკვებება დილით და საღამოს. მისი ძირითადი საკვებია მდინარის ნაპირზე მდგარი ხემცენარეებიდან ჩამოვარდნილი მწერები, კალიები, ხოჭოები, მატლები, აგრეთვე ჭიაყელები, ლიფსიტები და სხვ. ახალგაზრდა კალმახი იშვიათად ავლენს მტაცებლურ ინსტინქტს და უფრო ხშირად იკვებება თევზის ქვირითით.
ამჟამად მდინარეებში კალმახის რაოდენობა კატასტროფულად შემცირებულია. ის შეტანილია წითელ წიგნში და ტარდება ღონისძიებები დაცვისა და მომრავლებისთვის.
წყაროები: საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970;
საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: წიგნი+ერი, 2013;
Эланидзе Р. Ф., Ихтиофауна рек Грузии. Тбилиси, "Мецниереба", 1983.