ქართული მეკვერნე
საზოგადო სახელი: ძაღლი
ლათინური დასახელება: Canis lupus familiaris
ჯიში: ქართული მეკვერნე, ანუ ჩაქირა (მყეფარა)
წარმოშობა: ერთადერთი უძველესი ქართული სანადირო ჯიშის ძაღლია; გამოყვანილია დასავლეთ საქართველოში, ძირითადად გურიასა და აჭარის მაღალმთიან ზონაში. ასევე გვხვდება თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში.

მოკლე აღწერა: ნადირობის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ქართული მეკვერნე მიეკუთვნება მყეფრების ჯიშურ ჯგუფს, თუმცა მათგან განსხვავდება გარეგნულად. ცხოველი ტანად პატარაა (სიმაღლე მინდაოში 45-50 სმ). ახასიათებს სოლისებური ფორმის თავი, სწორმდგომი დაცქვეტილი ყურებით, მოკლე და მკვრივი კისერი, სწორი და პარალელური წინა და სახსარში მოხრილი უკანა კიდურები, მოკლე კუდი.
ბალანი მოკლე და უხეში აქვს. დამახასიათებელია მხოლოდ ერთი შეფერილობა- ყავისფერი, სხვადასხვა ელფერით. განსაკუთრებული ნიშანია თეთრი ზოლისებური საყელო კისერზე და კუდის თეთრი ბოლო. ცალკეულ ინდივიდებში თეთრი წინწკლები ასევე გვხვდება მკერდზე, მუცელზე და კიდურებზე. ცხოველებს თვალები ცბიერი, ხშირად მოწითალო ფერის აქვთ, რაც სიავის ნიშნად მიიჩნევა.
მეკვერნე გამორიჩევა ბრწყინვალე ზეყნოსვის უნარით და შეუპოვრობით, აგრეთვე უცხოსადმი მიუნდობლობით; როგორც სახელიდან ჩანს, გამოიყენება კვერნაზე და გარეულ კატებზე სანადიროდ.
აღსანიშნავია მეკვერნე ძაღლის ზოგიერთი დამახასიათებელი ჩვევები: დაგეშილი ცხოველი ზამთარში, კვერნაზე ნადირობის სეზონში, განუწყვეტლივ ყეფს და მოითხოვს სანადიროდ წაყვანას. როგორც წესი, ის მონადირეს დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ჰყავს. ამის გამო იმდენად ავია, რომ პატრონის გარდა არავის იკარებს; თავისუფლად გაშვებისას მოსალოდნელია თავს დაესხას სხვა ძაღლებს და, რადგან ტანად პატარაა და ფიზიკურადაც არ არის ძლიერი, ხშირად თავად ხდება მსხვერპლი.
დღევანდელი მდგომარეობა: მიუხედავად უნივერსალური სანადირო თვისებებისა, მეკვერნე, ანუ ჩაქირა ძაღლის ჯიში დღეს თითქმის გადაშენებულია, საქართველოში ხალასჯიშიანი 15-20 ინდივიდიღაა შემორჩენილი. ამის მიზეზი მრავალია: მიღებული ლეკვების დიდი რაოდენობით დახოცვის მავნე ტრადიცია, აგრეთვე ნათესაური შეწყვილების მაღალი სიხშირე, რამაც ჯიშზე დამაკნინებლად იმოქმედა.
ჯიშის სტანდარტი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული; უპირველესი ამოცანაა სულადობის გაზრდა, ჯიშის პოპულარიზაცია და სტანდარტის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა. დამახასიათებელი თვისებების სწრაფად გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია ,,სისხლის განახლება”, რაც შესაძლებელია თურქეთიდან ცხოველების შემოყვანით და მიღებულ თაობასთან მიზანმიმართული სანაშენე მუშაობის ორგანიზებით.
წყაროები: ნ. მამუკელაშვილი, ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის, ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარულის ექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”შრომების კრებული, 2013;
რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2004;
http://inovacia.ucoz.com/news/kartuli_mqepara_mek'verne_chakira/2011-11-25-245 (08.01.2014)
http://www.bazieri.ge/forum/78-62-2 (10.01.2014).