კახური ღორი
საზოგადო სახელი: ღორი
ლათინური დასახელება: Sus scrofa domesticus
ჯიში: კახური ღორი
წარმოშობა: უძველესი ენდემური ჯიშია, ჩამოყალიბებულია ევროპული გარეული ღორის კავკასიური მოკლეყურაქვესახეობის მოშინაურებით და გარეგნულად ძლიერ ჩამოჰგავს მას.
გამოირჩევა ამტანობით, თავდაცვის, დედობრივი და ჯოგური ინსტინქტით, აგრეთვე მოვლა-შენახვის პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობით. კარგად ითვისებს საძოვრულ საკვებს და ტყის ნაყოფს. ამის გამო ცხოველის პროდუქტიულობას, უპირატესად, განსაზღვრავს ტყის მოსავლიანობა.



მოკლე აღწერა: დამახასიათებელია უხეში კონსტიტუცია; სხეული მოკლე, სამკუთხედისებური, ნაფოტა ფორმისაა. აქვს დიდი თავი, სწორი პროფილი, მოკლე და დაცქვეტილი ყურები, მახვილისებური მინდაო, ოდნავ ამოზნექილი ზურგი და წელი, დაქანებული გავა, პატარა და აკრული მუცელი აქვს. როგორც წესი, ცხოველებს მკერდის ნაწილი უკეთ აქვთ განვითარებული, ბარკალი კი სუსტადაა
გამოყვანილი.
კახური ღორის კანი მონაცრისფრო-შავადაა პიგმენტირებული; შებუსვის მიხედვით განასხვავებენ ორ ტიპს: სწორ- და ხუჭუჭაჯაგრიანს; ჯაგარი საკმაოდ გრძელი და ხშირია; მასში საკმაო რაოდენობითაა თივთიკი, რის გამო ცხოველს სიცივე ნაკლებად აშინებს და ადვილად ეგუება მთაბარობის მკაცრ პირობებს. ბალნის ფერის მიხედვით გვხვდება შავი, მოშავო-ნაცრისფერო, მოშავო-წაბლისფერი და მუქი-წითელი ფერის ცხოველები.
კერატის სხეულის სიგრძეა105-110 სმ, ცოცხალი მასა 105-120 კგ, ნეზვების, შესაბამისად, 95-100 სმ და 95-100 კგ. ნეზვს უმეტეს შემთხვევაში აქვს 10 ძუძუ. ის წელიწადში ერთხელ იგებს და ყრის 5-7 გოჭს. გარეული ღორის მსგავსად ნამატი გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარიანობით და 1-1,5 თვის ასაკამდე ზოლიანია.
ნეზვის მერძეულობა 20-25 კგ-ია. მთაბარობის პირობებში მოზარდის საშუალო დღეღამური ნამატი 260 გ- ს, ხოლო ტყის ნაყოფის მაღალი მოსავლიანობისას, დამატებითი საკვების გარეშე, 280-310 გრ-ს აღწევს. 1 კგ წონამატის მისაღებად ცხოველი ხარჯავს 8 კგ საკვებ ერთეულს. ნაკლავის გამოსავალია 62-65%. ხორცი ზომიერად მსუქანი და მეტად გემრიელია.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებული იყო ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში; გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა კახური ღორის სანაშენე ფერმები, რომელთა საქმიანობას კორდინაციას უწევდა ჯიშთსაშენი. დღეისთვის ტიპური კახური ღორი ჰყავთ მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საოჯახო მეურნეობაში. ხალასჯიშიანი სულადობის შემცირების მიზეზია ის, რომ პიგმენტირებული კანის გამო ხორცზე ნაკლები მოთხოვნაა და ფერმერები იძულებული არიან შეუჯვარონ თეთრი ფერის ე.წ. „ჯიშიან“ კერატებს.
წყაროები: ი. შუბითიძე, გ.გოგოლი, კახური ღორის თანამედროვე მდგომარეობა. შრომათა კრებული „მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების თანამედროვე პრობლემები“, ტ. 4 (5), თბილისი, 2009;
ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები (II). რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N24, აპრილი, 2010 წ. http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi-2/ (02.02.2014);
Д. Цкитишвили, Перспективы развития лесогорного свиноводства в Грузии. Сборник научных трудов Груз.ЗВУИИ, т.LX, 2002.