საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი


საზოგადო სახელი: ცხვარიverdzi ლათინური დასახელება: Ovis aries ჯიში: ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი წარმოშობა: გამოყვანილია თუშური ჯიშის ნერბების ნაზმატყლიანი საბჭოური მერინოსისა და კავკასიური ჯიშის ვერძებთან რთული სააღმწარმოებლო შეჯვარებით და მიღებული ნაჯვარი სულადობის მიზანმიმართულად შერჩევა-გადარჩევის პირობებში. ჯიშის გამოყვანაზე 1936-1958 წლებში მუშაობდნენ წითელწყაროს (დღ. დედოფლისწყაროს) რაიონის „ელდარის“ საბჭოთა მეურნეობის სპეციალისტები, რომელთაც ხელმძღვანელობდა ზოოტექნიკოს-სელექციონერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ივანე ბაძოშვილი. ცხვრის ნაზმატყლიანი ჯიშებისაგან გარეგნულად განსხვავდება ცხიმკუდით; საქმე ის არის, რომ ამ ჯიშის გამოყვანამდე ერთ ორგანიზმში ნაზი მატყლისა და ცხიმკუდის შეხამება შეუთავსებლად მიაჩნდათ. ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშის ცხვარი შეგუებულია მთაბარობის მძიმე პირობებში შორ მანძილებზე გადარეკვას და კარგად ითვისებს მთის სუბალპურ და ალპურ საძოვრებს.
მოკლე აღწერა: ცხოველები გამოირჩევიან მაგარი კონსტიტუციითა და კომპაქტური აგებულებით: მკერდი ფართო და ღრმა, ნეკნები მომრგვალებული, მინდაო ფართო, ზურგისა და წელის ხაზი სწორი, კიდურები სწორად მდგარი და ჩლიქები მაგარი. ნერბების ცოცხალი მასაა 55-60, მაქსიმალური - 95 კგ, ვერძების- 75-80, მაქსიმალური 120 კგ. ნერბების ნაყოფიერება თუშურ ცხვართან შედარებით მაღალია და შეადგენს 110-115%-ს. კანძი შტაპელური აგებულებისაა, მატყლი თეთრი ფერის, სიგრძით 8-9 სმ (11 სმ-მდე) და ნაზი (60 და 64 ხარისხის); ნერბების საშუალო ნაპარსია 3,4-4 კგ, ვერძებისა - 3,6-5 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 47-53%. 1965 წლამდე ეს ჯიში ქვეყნის გეგმურ ჯიშს წარმოადგენდა, საერთო სულადობა კი საზოგადოებრივ მეურნეობებში 14-15 ათასს აღწევდა; შემდგომ პერიოდში სულადობა თანდათან შემცირდა და 1969 წლისთვის აღრიცხულია მხოლოდ 3,1 ათასი სული.
დღევანდელი მდგომარეობა: დღეისთვის შემორჩენილია ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის რამოდენიმე ათეული ეგზემპლიარი. ამის გათვალისწინებით, სასწრაფოდ გასატარებელია ამ ჯიშის აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები. წყაროები: გ. ბეღელური-მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავითგარეჯში. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N25, მაისი, 2010 წ., http://www.medgeo.net/2010/05/14/mecxvareoba/ (23.02.2014); თ. პაიკიძე, მეცხვარეობა, თბილისი, 2004; ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science”, N24, აპრილი, 2010 წ (http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi/ (23.02.2014); И.А.Бадзошвили, Грузинская тонкорунная жирнохвостная овца. Тбилиси, Госиздат Грузинской ССР 1954.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა