ქართული მთის რუხი ფუტკარი
საზოგადო სახელი: ფუტკარი
ლათინური დასახელება: Apis mellifera
ჯიში: ქართული მთის რუხი ფუტკარი
წარმოშობა: ქართული მთის რუხი ფუტკარი აბორიგენული ჯიშია. ჩვენში უძველესი დროიდან მეფუტკრეობის დარგის არსებობაზე მიუთითებს ბერძენი მწერლის, ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტის (დაახლ. 444-356 წ.წ., ძვ. წ.) წერილობითი წყაროები. ეს ჯიში 1877 წელს მეცნიერულად პირველმა ა. ბუტლეროვმა შეისწავლა და უწოდა „კავკასიური მთის რუხი ფუტკარი“ (A.m. caucasica). ჯიშში განასხვავებენ მრავალ პოპულაციას, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: მეგრული, გურული, აფხაზური და ქართლური. დამახასიათებელია რუხი შეფერილობა, თერგიტებზე ყვითელი ზოლის გარეშე.
თავისი საწარმოო მნიშვნელობით ფუტკრის მსოფლიო ჯიშებს შორის საუკეთესოდ ითვლება. სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია: თვინიერება (გასინჯვისას არ ტოვებს ფიჭას და აგრძელებს მუშაობას), კარგი შრომისუნარიანობა, ნაყარობისადმი ნაკლები მიდრეკილება, ორიენტაციის უნარი, მაღალი თაფლპროდუქტიულობა, ნექტრის ძიების დიდი უნარი, ღალის მაქსიმალურად გამოყენება, ცვილის მაღალი წარმოება, ბუდეში საკვების გეგმაზომიერად განლაგება, ფიჭის სველი გადაბეჭვდა, ბუდის ძლიერი დადინდგელიანება და ზამთრის მარაგის ეკონომიურად ხარჯვა. ამასთან, სხვა ჯიშებთან შედარებით, მას შეუძლია სკიდან გამოფრენა საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე; ღალიანობის პერიოდში, ხშირად ღამეს მინდორში ათევს, უფრო მეტი სახეობის მცენარეებისგან მოიპოვებს ნექტარს და მცირე ღალიანობისას აგროვებს სასაქონლო თაფლს.
ჯიშის ნაკლად ითვლება დაბალი კვერცხმდებლობა (1500-1800 ცალი/დღეში), ქურდობისადმი მიდრეკილება და შედარებით ნაკლები ზამთარგამძლეობა; მათი აღმოფხვრის მიზნით, მეფუტკრეები ხშირად მიმართავენ ხაზთაშორის (პოპულაციათაშორის) ჰიბრიდიზაციას, რა დროსაც უმჯობესდება კვერცხმდებლობა და იზრდება თაფლპროდუქტიულობა.

მოკლე აღწერა: ქართული ფუტკრის პოპულაციებიდან ყველაზე გძელი ხორთუმი აქვს მეგრულს (საშუალოდ -7,17 მმ, მაქსიმალური - 7,23მმ) და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში ანალოგი არა ჰყავს; ჯიშის საერთო სათაფლე პროდუქტიულობა საშუალოდ ცვალებადობს 24,1-34,5 კგ-ის ფარგლებში, რეკორდულმა კი 62 კგ- ს მიაღწია.
ჯიში მსოფლიო გამოფენა-კონკურსზე სამჯერ იყო წარდგენილი (1961 წ. ქ. ერფურტი, 1965 წ. ქ. ბუქარესტიდა 1971 წ. ქ. მოსკოვი) და სამჯერვე დაიმსახურა დიდი ოქროს მედალი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სანაშენე პროდუქცია -ამანათნაყარი და დედა ფუტკარი სხვადასხვა დროს ექსპორტირებულია მსოფლიოს 45 ქვეყანაში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ცალკეული პოპულაციების ხალასად შენარჩუნებისა და ტრადიციულ კერებში სანაშენე ბირთვების ჩამოყალიბების მიმართულებით.
წყაროები: : კ. გარდავა, ბ.წითლიძე, ტ. მათნაძე, მთის რუხი ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდის შენარჩუნების შესახებ. ს.ს.ი.პ. საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შრომათა კრებული, ტ. 5, თბილისი 2010;
ა. ხიდეშელი, ი. მუმლაძე, გ. მაძღარაშვილი, ქართლური და გურული ფუტკრის ურთიერთშედარების შედეგები. საქართველოს მეფუტკრეობის საცდელი სადგურის შრომათა კრებული, ტ. 2, 1971;
M.Peikrishvili, M.Barvenashvili- Current State of Megrelian population of the Georgian Honeybee “Annals of Agrarian Science”, v. XI, № 2, 2013;
Б. Цитлидзе. Биологические и хозяйственные особенности карталинской, мегрельской и абхазской популяций серой горной кавказской пчелы. Автореферат диссертации,1988.