ქართული ნაგაზი
საზოგადო სახელი: ძაღლი
ლათინური დასახელება: Canis lupus familiaris
ჯიში: ქართული ნაგაზი (მეცხვარულა)
წარმოშობა: უძველესი ქართული ჯიშია. ჩამოყალიბებულია საქართველოს მთიან რეგიონში. თავისი ისტორიით, ანატომიური მონაცემებით და გენეტიკურად ახლო კავშირშია მოლოსოიდურ ჯიშებთან.
მოკლე აღწერა: ხასიათდება უხეში კონსტიტუციური ტიპით; აქვს რამდენადმე გაწელილი ფორმატი, რომლის ინდექსია: ხვადებში -100/108, ძუებში კი 100/110; განაზომის „სიმაღლე მინდაოში“ სტანდარტული მაჩვენებელი შესაბამისად უნდა იყოს არანაკლებ 65 და 60 სმ. ამ მაჩვენებლიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში, ძაღლი უნდა რჩებოდეს პროპორციული და ჰარმონიული აღნაგობის. ნაკლად ითვლება კვადრატული ფორმატი.
დამახასიათებელია მოკლებეწვიანი საფარველი, კარგად განვითარებული თივთიკით; ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომბინაციის.
უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპი ძლიერია, გაწონასწორებული, დიდი დამცველობითი ინსტინქტით; ფხიზელი, ერთგული, ყურადღებიანი, გულადი, მშვიდი, დამოუკიდებელი ქცევით, მაგრამ დამჯერი. ახასიათებს სიავე და უნდობლობა უცხოსადმი.
ნაკლებად მომთხოვნია შენახვის პირობებისადმი, კარგად ეგუება ცივ კლიმატს. სხვა ჯიშის ძაღლებთან შედარებით, უმძიმესი კვებისა და კლიმატური პირობების მიუხედავად, ის ერთგულად და მაქიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გარდა.
საუკეთესო ხაზებისა და ოჯახების გამოსავლენად სელექცია უნდა წარიმართოს მიზანმიმართული მოშენებით, ინდივიდუალური გადარჩევა-შერჩევით, რის საფუძველზე მოხდება მისი ექსტერიერული სრულყოფა.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშის წარმომადგენლები მონაწილეობენ კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების ეროვნულ გამოფენებში. ის საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე უკრაინასა და რუსეთში. ჯერჯერობით არ არის აღიარებული საერთაშორისო არენაზე.
სტანდარტი შეიმუშავა საქართველოს კინოლოგმა ფედერაციამ (FCG) და გამოქვეყნდა 2000 წლის 1 ივნისს. გამოფენებზე მოწვეული უცხოელი ექსპერტები არ მსაჯობენ ქართული მთის ძაღლის რინგზე, რადგან ჯიშის სტანდარტი ჯერჯერობით არ არის აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ.
წყაროები: ნ. მამუკელაშვილი, ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”შრომები, 2013;
რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2004;
ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები (II). რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N24, აპრილი, 2010 წ, http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi-2/. (24.01.2014)