ქართული ნახევრადნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
საზოგადო სახელი: ცხვარი
ლათინური დასახელება: Ovis aries
ჯიში: ქართული ნახევრადნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
წარმოშობა: გამოყვანილია საგარეჯოს რაიონის „უდაბნოს“ მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობაში თუშური ნერბების პრეკოსის ჯიშის ვერძებთან შეჯვარებით. ერთ ორგანიზმში ნახევრად ნაზი მატყლის თუშური ცხვრის ცხიმკუდიანობასთან და გამძლეობასთან შეხამების მიზნით სასურველი ტიპის II და III თაობის ნაჯვარებს მკაცრი გადარჩევა-შერჩევის პირობებში აშენებდნენ „თავისში“ და აუმჯობესებდნენ მოვლა-შენახვისა და კვების პირობებს. ჯიშის გამოყვანას ხელმძღვანელობდა პროფ. არჩილ ნატროშვილი (1907-1980). ჯიშად აღიარებულ იქნა 1948 წელს.
მოკლე აღწერა: განსაკუთრებული სამეურნეო და ბიოლოგიური თავისებურებების გამომიეკუთვნება ცხვრის ორიგინალური ჯიშების რიცხვს:
ერთ ორგანიზმში შეთავსებულია ცხიმკუდი და ნახევრად ნაზი, კროსბრედული ტიპის მატყლი, რაც ამ ჯიშის გამოყვანამდე შეუთავსებელ ნიშან-თვისებებად ითვლებოდა;
სხეულის აგებულებით, ცხიმკუდის ფორმითა და სიდიდით, ფარობრივი ინსტინქტით, აგრეთვე შორ მანძილებზე გადარეკვისადმი და მომთაბარე-საძოვრული პირობებისადმი შეგუების, მთისა და ბარის საძოვრების ათვისების უნარითა და ხორცისა და რძის მაღალი ხარისხით ჰგავს თუშურ ცხვარს;
თუშურ ჯიშთან შედარებით ხასიათდება უფრო მაღალი ნაყოფიერებითა და ზრდის ენერგიით: ყოველი 100 ნერბიდან იღებენ 106-110 ბატკანს, ხოლო ნერბის მაღალი მერძეულობის (90-110 კგ) შედეგად ბატკნის საშუალო დღეღამური წონამატი 3-4 თვის ასაკამდე პერიოდში 300-400 გრ-ს აღწევს;
მატყლი თეთრი ფერის, ნახევრადნაზი, ერთგვაროვანი, კარგად გამოთანაბრებულია როგორც კანძის ტოპოგრაფიულ წერტილებში, ასევე შტაპელშიც; სინაზე 56 და 50 ხარისხისაა (ბრატფორდული კლასიფიკაციით). მატყლის სიგრძეა 10-11 სმ (15 სმ-მდე), სუფთა მატყლის გამოსავალი 48-56%.
ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშის ნერბების საშუალო ცოცხალი მასაა 45-50, ხოლო ვერძების - 80-85 კგ. ცალკეული ეგზემპლარების მასაა 65 (♀)-125 (♂)კგ; კანძის წონა საშუალოდ 3,0-3,2 (ნერბების) და 4,0-4,8 (ვერძების) კგ-ს აღწევს.
1955-1965 წლებში ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშის სულადობა საზოგადოებრივ მეურნეობებში 125 ათასის ფარგლებში იყო და ის გეგმურ ჯიშად ითვლებოდა. თავის დროზე გაყვანილია ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, აგრეთვე ჩინეთსა და მონღოლეთში.
დღევანდელი მდგომარეობა: დღეისათვის ქართული ნახევრადწმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშის ცხვრის რამდენიმე ასეული ეგზემპლიარია შემორჩენილი და არსებობს მისი გაქრობის საშიშროება.
წყაროები: : თ. პაიკიძე, მეცხვარეობა, თბილისი, 2004;
თ. პაიკიძე, ა. ხარაზიშვილი, გ. გურგენიძე, ი. მაჩაბელი, ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ჯიშის ცხვრის მერძეული პროდუქტიულობა. საინფორმაციო ფურცელი („სოფლის მეურნეობა„) N17, 1988;
ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science”, N24, აპრილი, 2010 წ., http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi/ (14.02.2014).