კავკასიური წაბლა ძროხა
საზოგადო სახელი: ძროხა
ლათინური დასახელება: Bos taurus
ჯიში: კავკასიური წაბლა
წარმოშობა: ეს ჯიში კავკასიის ენდემია. გამოყვანილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და დაღესტანში ადგილობრივი ძროხის შვიცურთან და მის მონათესავე კოსტრომულ, ლებედინოურ და ალათაურ ჯიშებთან შეჯვარებით.
შვიცური ჯიში საქართველოში შემოყვანა და ქართული მთის ძროხასთან შეჯვარების პირველი ცდები თარიღდება 1864 წლით, ხოლო ნაჯვარი სულადობის ჯიშად ჩამოყალიბების მიზნით მიზანმიმართული სასელექციო მუშაობა დაიწყო XX საუკუნის 40- იანი წლებიდან.
საქართველოში გამოყვანილი ძროხის ერთადერთი კულტურული ჯიშია. დამტკიცდა 1960 წელს. მასში ოპტიმალურად არის შეხამებული ადგილობრივი ძროხის გარემო პირობებისადმი შეგუებლობა და ცხიმრძიანობა, შვიცური ჯიშის მაღალ ცოცხალ მასასა და წველადობასთან. საქართველოდან ჯიშის ავტორია პროფესორი ნესტორ გოცირიძე.

მოკლე აღწერა: ჯიში კომბინირებული, სარძეო-სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა. ცხოველები ექსტერიერით უფრო კომპაქტური აგებულების არიან, ვიდრე შვიცური ჯიში: თავი საშუალო ზომისა და მსუბუქი, ზურგისა და წელის ხაზის წორი, გავა ფართო და ოდნავ აწეული, მუცელი მოცულობიანი, ცური კარგად განვითარებული, აბაზანისებრი ან მომრგვალებული ფორმის, კერტები ცილინდრული, კიდურები საშუალო სიმაღლის, ჩლიქები მაგარი. ფერი ცვალებადობს ღიადან-მუქ წაბლამდის.
ზრდასრული ფურების სტანდარტული ცოცხალი მასაა 430 კგ, კუროების- 680 კგ და მეტი, ახალშობილი ხბოს კი 25-28 კგ. ამ ჯიშის ფურების მონაწველის სტანდარტი III და მეტ ლაქტაციაზე 2800 კგ რძეა, 3,7% ცხიმით. რეკორდული მონაწველი ეკუთვნის ბაშკიჩეთის სამომშენებლოს ფურ „კრალია“- ს და შეადგენს 8789კგ რძეს, 3,95% ციმით.
მოზარდი ადრეული ასაკიდანვე სწრაფად ვითარდება; ინტენსიურად სუქებისას მოზვრების დღეღამური ნამატი 850-1000 გ- ს, ხოლო 15 თვის ასაკში მათი ცოცხალი მასა 455 კგ-ს აღწევს; ნაკლავის გამოსავალი 56-58%.
დღევანდელი მდგომარეობა: 1985 წლის ჯიშიანი პირუტყვის აღწერით საქართველოს საზოგადოებრივ მეურნეობებში აღრიცხული იყო 171 ათას სულზე მეტი (მ.შ. 70 ათასი ფური) კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვი. 1990 წელს ჩვენში ფუნქციონირებდა ამ ჯიშის 1 ჯიშთსაშენი (დმანისის რაიონის ს. ბაშკიჩეთში), 1 სამომშენებლო (ბორჯომის რაიონის ს. ციხისჯვარში) და 43 სანაშენე მეურნეობა და ფერმა, 36 ათასზე მეტი საერთო სულადობით; გამოყვანილია ხაზები: „გოლიათი“-2597- ის, პირველი- 2359- ის, „ველიკანი“- 3509- ის, სოკოლი AC-349- ს და სხვ. გამოიცემოდა სახელმწიფო სანაშენე წიგნი, რომლის პირველ სამ ტომში შეტანილი იყო ამ ჯიშის ქართული ჯილაგის 2000 სულზე მეტი მაღალპროდუქტიული ცხოველი.
გეგმიური სანაშენე მუშაობა პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. მეტ-ნაკლებად ხალასი სახით შემორჩენილია დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში.
წყაროები: : გ. გოგოლი- კავკასიური წაბლა ჯიში (ბუკლეტი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2006;
ნ. გოცირიძე- რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, „ცოდნის წყარო“, თბილისი, 1997;
Л. Тортладзе-Кавказская бурая порода крупного рогатого скота в начале XXI века. Известия аграрной науки. т. 6, № 1, Тбилиси, 2008.