იმერული ცხვარი
საზოგადო სახელი: ცხვარი
ლათინური დასახელება: Ovis aries
ჯიში: იმერული ცხვარი
წარმოშობა: ძველი ქართული, „არგონავტების დროინდელი“ წმინდამატყლიანი ცხვრის შთამომავალია; მკვლევართა აზრით, დღევანდელი სახით მისი ჩამოყალიბება მოხდა IV-VI საუკუნეებში.
გავრცელებულია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში. მეხორცულ-სამატყლო-მერძეული პროდუქტიული მიმართულებისაა. ხასიათდება მკვირცხლი ტემპერამენტით და მაგარი კონსტიტუციით. ცხოველებს აქვთ საშუალო ზომის თავი, თხელი და წაგრძელებული, ხმელი სხეული და მოკლე, სწორი კიდურები. გვხვდება როგორც რქიანი, ასევე ურქო ფორმები. სულადობის უმეტესობაში კუდი მოკლე და კონუსისებრი ფორმისაა, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში გვხვდება ცხიმკუდიანი ინდივიდებიც.
მოკლე აღწერა: ცხვრის ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარატანიანია. ნერბის ცოცხალი მასა 29,2 (39-მდე) კგ, ვერძისა 34,9 (45-მდე) კგ. მატყლი, უფრო ხშირად თეთრია და ბზინვარე, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. საფარი შეიცავს ნაზ და გარდამავალ ბეწვს, მცირე რაოდენობით ურევია უხეში ბეწვიც; ნერბის კულულის სიგრძეა 13,3 სმ (თივთიკის სართული 10 სმ), ვერძის 17,4 სმ (თივთიკის სართული 11,6 სმ). წლიური ნაპარსია1,5-2,7კგ.
6 თვის ბატკნის დაკვლისწინა ცოცხალი მასაა 18,0 კგ, 12 თვის ასაკის თოხლისა - 25,7 კგ , ნერბის - 26,1, ხოლო ვერძის - 32,4 კგ. შესაბამისად, მათი ნაკლავის გამოსავალი 45,6; 47,5; 44,3 და 50,3%-ა. ხორცი საუკეთესო გემოსია და სპეციფიკური („ცხვრის“) სუნი ნაკლებად აქვს გამოხატული.
იმერული ცხვარი ხასიათდება ადრეულობით (მალმწიფადობით), მრავალ- და ხშირნაყოფიერებით, რაც, ერთდროულად, ცხვრის სხვა ჯიშებში იშვიათად გვხვდება:
ადრეულობა: ერთ-ერთი ყველაზე მალმწიფადი ჯიშია. ის სწრაფად იზრდება, 4 თვის დედალი ბატკანი სქესობრივად მომწიფებულია, 6 თვის ასაკში წონით ზრდასრული ნერბის 75%-ს აღწევს, ინერბება და 10-11 თვისას უკვე ჰყავს 2-3 ბატკანი; (იანვარში მოგებული წლის ბოლოს უკვე გვაძლევს ნაყოფს);
მრავალნაყოფიერება: ყოველ დადოლებაზე ნერბების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4% იგებს თითო ბატკანს, დანარჩენი 2-3-ს, შედარებით იშვიათად კი 4-6 ბატკანს. კარგი მერძეულობის წყალობით ნერბი დაუხმარებლად ზრდის 2 ბატკანს;
ხშირნაყოფიერება: ხურაობს და მაკდება წლის ნებისმიერ დროს. ამ თვისების შედეგად იმერულ ნერბი ყოველწლიურად დოლდება 2- ჯერ, უარეს შემთხვეაში კი 3 წელიწადში 5-ჯერ მაინც. ამას ხელს უწყობს ის, რომ: ა) მოგებიდან 20-30 დღეში ნერბი ხურაობს და მაკდება, ბ) ნერბის მაკეობის ხანგრძლივობა 138-143 დღეა, ანუ 5-12 დღით ნაკლებია ცხვრის სხვა ჯიშებთან შედარებით;
გამოირჩევა თაობათა სწრაფი ბრუნვით: 3 წლის ნერბის შთამომავლობა ხშირად 15-20 სულს აღემატება, ხოლო რეკორდისტის მონაშენმა 3½ წელში 76- ს მიაღწია. ასეთი გენერაციული თვისებების წყალობით 1 ნერბიდან ხორცის წლიური წარმოება აღწევს 45-52 კგ-ს (ნაკლავის მასით).
დღევანდელი მდგომარეობა: ხალასჯიშიანების სულადობა მკვეთრად შემცირებულია. უპირატესად აშენებენ წვრილ საოჯახო მეურნეობებში. ბოლო წლებში ცალკეული მოყვარული მეცხვარეების ინტერესი ამ ჯიშისადმი საკმაოდ გაიზარდა და გურიასა და იმერეთში გვხვდება საკმაოდ მრავალრიცხოვანი (100 ნერბი და მეტი) ფარები.
წყაროები: გ. ბეღელური, იმერული ცხვრის პროდუქტიული მაჩვენებლები. “საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის შრომათა კრებული”, ტ. LXV, 2005;
ა. მუშკუდიანი, დასავლეთ საქართველოს საკარმიდამო მეურნეობები. „საქართველოს სოფლის მეურნეობა”, № 1, 1981;
ვ. ღლიღვაშვილი, საქართველოს ენდემურ და აბორიგენულ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენების საკითხები. რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science”, N24, აპრილი, 2010 წ., http://www.medgeo.net/2010/04/07/endemi/ (18.01.2014).