საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თუშური ცხენი


საზოგადო სახელი: ცხენიtushuriulayi ლათინური დასახელება: Equus ferus caballus ჯიში: თუშური ცხენი წარმოშობა: თუშური ცხენი კავკასიის ენდემია. ჩამოყალიბებულია ხალხური სელექციით, კავკასიონის მთავარი ქედის მთაგორიანი ზონის ჯოგური მეცხენეობის პირობებში. საჯდომ-სასაპალნე-პროდუქტიული მიმართულებისაა.tushrixedi
მოკლე აღწერა: ხასიათდება მშრალი მაგარი კონსტიტუციით, მომცრო, მაგრამ ჰარმონიული აგებულების სხეულით და მაგარი ძვლოვანი სისტემით; ცხოველებს აქვთ მშრალი და მსუბუქი თავი, ფართო შუბლი, სწორი პროფილი, საშუალო ზომის და მოძრავი ყურები, საშუალო ზომის კისერი, განიერი მკერდი, ოდნავ დაქანებული გავა, სწორად მდგომი კიდურები, მაგარი ჩლიქები. ფაშატის საშუალო განაზომებია: სიმაღლე მინდაოში - 134 სმ, ტანის ირიბი სიგრძე-139 სმ, გულმკერდის ირგვლივა - 156 სმ, ნების ირგვლივა -16,9 სმ, ულაყის– 137, 144, 159 და 17 სმ, შესაბამისად. თუშურ ცხენი უმთავრესად ქურანა ფერისაა. ახასიათებს საკმაო სიმკვირცხლე, გამბედაობა და სიფრთხილე, შეჩვეულია უამინდობისას, თოვლიან მთის ბილიკებზე სიარულს და კარგად იყენებს კლდოვან და ციცაბო საძოვრებს. ამასთან, კარგ ორიენტაციასთან შერწყმული გულადობის გამო იგი მაღალ მთაში შეუდარებელ საჯდომ ცხენად ითვლება. ისტორიულად ამ ცხენს იყენებდნენ სამეურნეო და სამხედრო დანიშნულებით. დღეისთვის გამოიყენება სპორტული მიზნებისთვის, საცხენოსნო ტურიზმში, სასაპალნედ და სატრანსპორტო საშუალებებში შესაბმელად - შედარებით მსუბუქი ტვირთების გადასატანად. მეცხვარეები აღნიშნავენ, რომ თუშური ცხენი მაღალ მთაში მუშაობისთვის შეუცვლელია, ვინაიდან გაუხშოებულ ჰაერზე გაცილებით უფრო ადვილად იტანს დატვირთვებს, ვიდრე ბარში ჩამოყალიბებული ჯიშები. საკმაოდ სწრაფია. 1000 მ მანძილს ფარავს 1 წთ და 26,8 წმ-ში, 1200 მ-ს - 1 წთ და 31,0 წმ-ში, ხოლო 10000 მ-ს - 14 წთ და 42 წმ-ში.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, უპირატესად მომთაბარე მეცხვარეობის ეკონომიკურ ზონაში: ახმეტის, თელავის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. სანაშენე სულადობის ძირითადი რეპროდუქტორი იყო ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანის სანაშენე ფერმა, სადაც სასელექციო მუშაობა მიმდინარეობდა სხეულის ზომების გაზრდის, სისწრაფისა და მუშაობისუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და ხდებოდა მათი გამოცდა. მოშენების სპეციფიკურობა გამოიხატებოდა „დახურულ სანაშენე ბირთვში“ სელექციის მეთოდის გამოყენებაში, რამაც უზრუნველყო სასურველი ტიპთან მიახლოებული სულადობის ფორმირება. დღეისთვის ეს ფერმა არარსებობს. 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, გავრცელების ზონაში ცხენის საერთო რაოდენობა იყო 5829 სული, ხოლო თუ რამდენია მათში თუშური, უცნობია. სანაშენე მუშაობის არარსებობის გამო მოსალოდნელია მისი სხვა ჯიშის ცხენებთან აღრევა და უნიკალური თვისებების დაკარგვა. წყაროები: : ა. ჩუბინიძე, თუშური ცხენი. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის შრომათა კრებული, ტ. XL, თბილისი, 2002; http://agraruli.blogspot.com/2013/01/blog-post_3452.html(15.01.2014); Д. Кобалава, А. Чубинидзе, О генофонде тушинской лошади. Материалы Грузинского общества генетиков и селекционеров, Тбилиси, 1986; А.Чубинидзе, Местные породы лошадей в Грузии. Тушинская лошадь, джавахетская упряжная лошадь. «Коневодство и конный спорт», № 2, 2003.
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა