შამაია
საზოგადო სახელი: შამაია
ლათინური დასახელება: Chalcalburnus chalcoides
სახეობა: შამაია
წარმოშობა: შამაია კობრისებრთა ოჯახის ყველაზე ღირებული თევზია; მისი სახელი სპარსულიდან მომდინარეობს და ნიშნავს სამეფო თევზს („შაჰ-მაჰ“ანუ სამეფო თევზი).
მოკლე აღწერა: მტკნარი წყლის თევზია. აქვს წაგრძელებული, თითისებრი ფორმის სხეული, რომელიც დაფარულია საკმაოდ წვრილი ქერცლით. ქვედა ყბა, ზედასთან შედარებით, წინაა გამოწეული; თავი და ზურგი მუქი ნაცრისფერი, გვერდები და მუცელი კი ვერცხლისფერი აქვს. ყველა ფარფლი მონაცრისფრო-გამჭვირვალეა.
სხეულის სიგრძე 25-40 სმ- ის ფარგლებში ცვალებადობს, მასა კი 600-800 გ-ს შეადგენს. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით; ამასთან მოზრდილი შამაია (20-25 სმ და მეტი) საკმაოდ აქტიური მტაცებელია და თავს ესხმის ნებისმიერ მოძრავ „საგანს“ მ.შ. თევზის ლიფსიტას, წყალში ჩაცვენილ მწერს, ჭიას და სხვ.
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან ოქტომბრამდე. ნაყოფიერება 10000-55000 კვერცხია, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენებამდე ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში და მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, ასევე შედიოდა მდ. იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან უფრო მასობრივად ამოდის: მტკვარში, ალაზანში, იორში, გვხვდება თბილისის წყალსაცავსა და ჯანდარის ტბაში; გარდა საქართველოს წყლებისა, ბინადრობს კასპიის ზღვაში, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის მტკნარ წყლებში.
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ჩვენში ამ თევზს სერიოზული სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა. შემწვარი შამაია მეტად გემრიელია, შებოლილი კი განსაკუთრებულად ღირებულ დელიკატესს წარმოადგენს.
დღეისთვის ამ სახეობაზე სამოყვარულო თევზჭერა მკაცრად რეგლამენტირებულია და ნებადართულია 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე. შეტანილია ბერნის კონვენციის მესამე დანართში (დაცული ფაუნა).
წყაროები: საქართველოს მტკნარი წყლის თევზები (ატლასი). თბილისი,"მეცნიერება",1970;
საქართველოს თევზები - კრებული , გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013;
http://www.geofauna.ge/tevzebis%20samyaro/tevzis%20jishebi%20saqartveloshi/shamaia/shamaia.html (16.01.2014);
http://gigol.net/2064/ (16.01.2014);
http://concordtravel.ge/portal/alias_concordtravel/lang_ka-GE/tabid_1440/default.aspx; (17.01.2014).