საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისთვალა კოლხური


ჯიშის სახელწოდება: ხარისთვალა კოლხური სინონიმი: დოდრელიაბი, ხოჯისთოლი, აშირე-მემედ-კარა,გრო-კოლმან, ხარისთვალა შავი წარმოშობა:  დასავლეთ საქართველო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი დაფენილია  სქელი ქეჩისებური შებუსვით. ფოთლები ზედა მხარეზე მონაცრისფრო-მოთეთროა, ყვითელი ელფერით, ქვედა მხარეზე - მოიასამნისფრო-თეთრი, ნაპირებზე ვარდისფერი ელფერით. ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად მთლიანი.  ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, მომრგვალებული ფუძით, იშვიათად ღია, ჩანგისებური, მახვილი ფუძით.  კბილები, უფრო ხშირად ხერხკბილა, ცალმხარეს ამოზნექილი გვერდით ან ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ მოკლე კონუსური, იშვიათად ცილინდრული, ახასიათებს ფრთა, რომელიც თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მარცვალი: შავი ფერისაა, მსხვილია ან ძალიან მსხვილი, ცვილის თხელი ნაფიფქით. კანი სქელი. რბილობი ხორციანი, ჩვეულებრივი, ჰარმონიული გემოთი. მარცვლები მტევანში არათანაბრად მწიფდება და ახასიათებს სკდომა შემოდგომის წვიმიან ამინდებში. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 12,2-18,7 %, მჟავიანობა 3,4-6,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 10-12 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. ყურძნის დახასიათება: ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ჯიშია ორანჟერიის პირობებში მოსაყვანად. ხასიათდება საშუალო ტრანსპორტაბელურობით და შენახვის ხანგრძლივობით.
დამატებითი ინფორმაცია: ხარისთვალა კოლხურს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყინვაგამძლეა. გამძლეა სოკოვან დაავადებათა და მავნებლების მიმართაც. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 247; Табидзе Д. И., Додреляб (Хариствала колхури) В: Ампелография СССР,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищепромиздат', Москва, Том II,1953,ст. 375-384. ავტორი: ეკატერინე აბაშიძე