საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭროღა


ჯიშის სახელწოდება: ჭროღა სინონიმი: ჭროღა კახური, ჭროღა ვაზი. წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინითა და ორი-სამი გაუშლელი ფოთოლაკებით ყოველი მხრიდან დაფარულია აბლაბუდისებრი ბუსუსებით. ფოთოლაკები ვერცხლისფერია და ავლია წითელი ზოლი. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვეთიანია, საშუალოდ და სუსტად დანაკვთული, იშვიათად დაუნაკვთავი. საშუალო ზომისაა. მომრგვალო ფორმის. ზედა ამონაკვეთები საშუალო და პატარა, ღია. ქვედა ამონაკვეთები პატარა, ღია. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ელიფსური ფორმის. ფირფიტის ზედაპირი ოდნავ დანაოჭებულია. ქვედა მხარე შეუბუსავია. კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებური დიდ-პატარა კბილებით. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა, შეუბუსავია და მოწითალო ფერისაა. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის. კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მეჩხერი ან ძალიან მეჩხერი. მარცვალი: მომწვანო-მოყვითალო ფერის. მრგვალი, სუსტად შებრტყელებული. კანი თხელია, დაფარულია საშუალო სიხშირის ნაფიფქით. რბილობი ხორციან-წვნიანი. გემო ჩვეულებრივი. წიპწების რაოდენობა 1-3. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0-20,0%, მჟავიანობა 4,0-6,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 3,0-4,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ძირითადად გამოყენებული იყო საბრენდე სპირტების დასამზადებლად, ასევე სხვა ჯიშებთან სეპაჟით თეთრი ღვინოების დასაყენებლად. ჯიშური ღვინო არის მასობრივი მოხმარების, საშუალო ხარისხის.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში სოკოვან დაავადებათა მიმართ ხასიათდება საშუალო გამძლეობით. მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშს. სიმწიფე დგება სექტემბრის მეორე ნახევარში (თელავი). რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლირე საშუალო. ადგილობრივი მნიშვნელობის ჯიშია. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია. წყაროები: ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ., მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული. რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. თბილისი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008, გვ. 62-69; Табидзе Д.И., Чрога кахури. В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 476-477. ავტორი: დავით მაღრაძე