საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭეჭიბერა


ჯიშის სახელწოდება: ჭეჭიბერაchechibera სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ქეჩისებურად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ახალგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერით, ქეჩისებურად შებუსული  მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით, ქვედა მხარეც ქეჩისებურადაა შებუსული მოთეთრო ფერის ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, საკმაოდ შებუსული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მომრგვალო ან მახვილი ფუძით, ზოგჯერ დახურულია, კვერცხისებური ფორმის. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, ცალ მხარეს ამოზნექილი, მახვილი ან მომრგვალებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე საშუალოდ შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსით, მთავარი ძარღვები, ღია მწვანე, მცირედ არის შებუსული. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი, საშუალო მასა შეადგენს 100,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომისაა, მრგვალი, ღია მწვანე ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი, კანი ადვილად ეცლება რბილობს. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 %, მჟავიანობა 10,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-6,5 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შერევით, ღვინო ადგილობრივი მოხმარებისაა. ცალკე დაყენებული ჭეჭიბერას ღვინო დაბალი ხარისხისაა, არაჰარმონიული, მაღალმჟავიანი, ალკოჰოლის დაბალი შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. შედარებით გამძლეა ნაცრის მიმართ და ძლიერ ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 179-181; Рамишвили М.А., Чечибера. В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 431-433. ავტორი: ირმა მდინარაძე