საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აბშილური


ჯიშის სახელწოდება: აბშილურიabshiluri სინონიმი: ავშილური წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი - მოთეთრო-მოწითალო, იისფერი ელფერით და სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყლორტი - ბაცი მწვანე, მზით განათებულ მხარეს მოწითალო-იისფერი, სუსტი აბლაბუდისებური შებუსვთ, რომელიც უფრო ძლიერდება წვერისაკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, თითქმის ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მახვილი ფუძით. კბილები, უფრო ხშირად, ხერხკბილა-სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური შებუსვით. მთავარი ძარღვები ბაცი მწვანე ფერისაა, ფუძესთან იასამნისფერი, სუსტი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსისებური, საშუალო სიკუმსის. ახასიათებს ფრთა, რომელიც თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო მასა - 100-217 გ. მარცვალი: მუქი წითელი ფერის, საშუალო სიდიდის, abshiluri_2მომრგვალო ან მცირედ ოვალური, საკმაოდ სქელკანიანი, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ხორციანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. მარცვლები მტევანში არათანაბრად მწიფდება, სრულ სიმწიფეშიც კი რჩება თითო-ოროლა მოუმწიფებელი მარცვალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,5-19,8 %, მჟავიანობა 7,7-8,7 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,0 - 2,5 კგ/ძირზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აბშილურს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. გამოყენებული შეიძლება იქნეს ყურძნის წვენის დასამზადებლად. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი 1948, გვ. 145-147; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი, 1987, გვ. 219. Рамишвили М. А., Авшилури, В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда. Отв. Ред. Негруль А.М. Изд-во ' Пищевая промышленность', Москва 1963, Том I. ст. 12-14. ავტორი: ეკატერინე აბაშიძე