საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაჭიჭი


ჯიშის სახელწოდება: კაჭიჭიkachichi სინონიმი: კაჭიჭიჟი, აჟკაჭიჭი, კაჯიჯი წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შეფერილია მოღვინისფრო წითლად და იასამნის იერი გადაჰკრავს მთელ სიგრძეზე. წვეროები, გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ჩათვლით, შებუსულია სქელი, მორუხო თეთრი ფერის ქეჩისებრი ბუსუსით, მეორე იარუსის ფოთლები (3-4) ზედა მხრიდან ბრინჯაოსფერია, ხოლო ქვემო მხრიდან, შებუსვის შესუსტების გამო, მორუხო თეთრი. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. დიდი ზომის (22X20სმ) და მუქი მწვანე ფერის. ზედა ამონაკვეთები სუსტად განვითარებულია, მცირე სიღრმის. ქვედა ამონაკვეთები ხშირ შემთხვევაში სულ არაა განვითარებული. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა უფრო ხშირად ღია, მახვილფუძიანი, ჩანგისმაგვარი ფორმის. კბილები ხერხისმაგვარია. ზედა მხარე უბუსუსოა, ხოლო ქვედა მხარე შებუსულია თხელი, ჰორიზონტალურად გართხმული აბლაბუდისებრი ბეწვებით და სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსებით. ყუნწი მოწითალო ღვინისფერია და მოიისფრო იერი ახლავს. ყვავილი: ორსქესიანია. მტევანი: საშუალო ზომის (18X10სმ), ფორმით კონუსური და მხრიანი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსურიც. ჩვეულებრივ - მეჩხერი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. წონა 120-160გ. რქის ფერის ყუნწი მტევნის ფუძესთან ოდნავ გახევებულია, ადვილად წყდება. მარცვალი: მუქი ლურჯია, თითქმის შავი ფერის. საშუალო ზომის (1,5X1,6 სმ), უფრო ხშირად შეზნექილი, იშვიათად მომრგვალებული ფორმის. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი მკვრივია, საკმაოდ წვნიანი, წიპწები იოლად არ ეცლება რბილობს. წვენი ბაცი ვარდისფერია. გემო ტკბილი აქვს და სასიამოვნო მჟავიანობის. ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,0%- 21,6, მჟავიანობა 7,5-8,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-8,0 ტ/ჰა; მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,0. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლევა კარგი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს. ხასიათდება სინაზით, გემოს სისრულით და კარგად განვითარებული ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: უფრო მგრძნობიარეა ჭრაქის, ვიდრე ნაცრის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიშია. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ.192-198. ავტორი: დავით მაღრაძე