საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაბისტონი რგვალი


ჯიშის სახელწოდება: კაბისტონი რგვალიkapistoni-rgvali სინონიმი: შავი კაბისტონი, კაბისტონი, ძველი შავი კაბისტონი წარმოშობა:  რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი თეთრი ფერისაა, ახლად გაშლილი ფოთლების ნაპირებზე ბაცი ვარდისფერი არშიით და სქელი ქეჩისებური შებუსვით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ძლიერ გადაფარული ნაკვთებით, იშვიათად ღია, ჩანგისებური, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, ზოგჯერ დეზით. კბილები სამკუთხედისებრ-ხერხისებურია, იშვიათად ცალ მხარეს ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი  ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. საშუალო წონა - 120-150 გ. მარცვალი: მუქი წითელი, თითქმის შავი, საშუალო ზომის, მრგვალი. მტევანში მარცვლები არ არის ერთნაირი ინტენსივობით შეფერილი. კანი თხელი, ცვილის სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, ხორციანი, სასიამოვნო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0-22,0 %, მჟავიანობა 7,4 -10,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-10,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  სუფრის ღვინო, ხარისხიანი, მუქი ვარდისფერი, საკმაოდ ექსტრაქტული, ენერგიული და ჰარმონიული.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ზამთრის ყინვებისა და სოკოვანი დაავადების მიმართ იჩენს საშუალო გამძლეობას. ძირითადად გამოიყენება სხვა ჯიშებთან - ალექსანდროულთან და მუჯურეთულთან ერთად ნახევრად ტკბილი ღვინის „ხვანჭკარას“ დასამზადებლად. ინტენსიურად შეფერილი და არომატული ღვინო მიიღება მისი ალექსანდროულის ჭაჭაზე (გამონაწურზე) დაყენებით. გამოდგება სუფრის წითელი ღვინოების, წვენებისა და საბრენდე ღვინომასალების დასამზადებლად და ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ.13-16; Миротадзе А.В., Табидзе Д.И., Капистони ргвали. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, Том II. ст. 7-9. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე