საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თითა კახური


ჯიშის სახელწოდება: თითა კახურიtita-kaxuri სინონიმი:  თითა ნამდვილი წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია ქეჩისებურად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები (4-5) ზედა მხრინდან თხლადაა შებუსული, ფერი მოყვითალო, ხოლო ქვედა მხრიდან ინტენსიურადაა შებუსული,ფერი მორუხო თეთრი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის,მომრგვალო, უმეტესად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი აბლაბუდისებურად დანაოჭებული. ფირფიტის მოხრილობა ძაბრის ან ღარისმაგვარია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მგვალფუძა ჩანგისმაგვარი. ზედა ამონაკვეთის სიღრმე ძირითადად საშუალოა, ამონაკვეთის ფორმა, მახვილი ან მომგვალოფუძიანი, ჩანგისმაგვარია, იშვიათად გვხვდება დახურული, განიერელიფსისებრთვლიანი ამონაკვეთი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ლანცეტისმაგვარია, იშვიათად მომრგვალო ჩანგისმაგვარი. ფოთლის მთავარი ძარღვები გამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვეროიანი სამკუდხედის მსგავსი ფორმის კბილებით ბოლოვდება, გვერდითი კბილები მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა, იგი აბლაბუდისმაგვარი ბეწვისა და მის ქვეშ მოფენილი  სქელი ჯაგრისმაგვარი ბუსუსებითაა დაფარული. ყვავილი:  მდედრობითი. მტევანი: საშუალო ზომის,სიგრძე 12-20 სმ, სიგანე 7-10 სმ, წონა საშუალოდ 140-160 გ. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მტევანი უმეტესად მეჩხერია. მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერის.დიდი ზომის, სიგრძე 2,5-3,0 სმ, სიგანე 1,3-1,75 სმ, წონა 2,58 გ. კვერცხისმაგვარი ფორმის. კანი თხელი და გამჭირვალე, მაგრამ მკვრივი,ადვილად არ სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივი,კნატუნა,ნაკლებ წვნიანი. გემო - სასიამოვნო, ჰარმონიული, სუსტი ჯიშური არომატი. მარცვალი ყუნწზე მჭიდროდაა მიმაგრებული.წიპწების რაოდენობა მარცვალში - 1- 3 ცალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-18%, მჟავიანობა 4,8-7 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0 – 12,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,4. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ჯიში იძლევა სადესერტო ყურძენს, ინახება, არის   ტრანსპორტაბელური.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალოდ უძლებს ჭრაქს და საშუალოზე სუსტად ნაცარს. საღი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ერთი დამატებითი წამლობის ჩატარება  ნაცრის წინააღმდეგ. დღევანდელი მდგომარეობა:  მცირედგავრცელებული ჯიშია. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები.  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 348-354. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 250. ავტორი:   შენგელი კიკილაშვილი