საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გორულა


ჯიშის სახელწოდება: გორულაgorula სინონიმი: სუფრის გორულა, გლდანულა წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მუქი მწვანე, ცალი მხრიდან გასდევს მოიისფრო ელფერი. უმნიშვნელოდ დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსებით. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სიგრძე 15,0-18,5სმ, სიგანე 14,6-18,3სმ. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ხშირად ჩანგისებრი ან თაღისებრი, ფუძეზე უვითარდება ერთი დეზი. ზედა ამონაკვეთი ღიაა და ღრმად ჩაჭრილი, ფორმით ჩანგისებრი პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად არაღრმა და ღია. კბილები უფრო ხშირად წესიერ-სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით. ზედაპირი ხშირად ბადისებრ არის დანაოჭებული, ღია მწვანე, ოდნავ მოყვითალო ელფერით. ქვევიდან ოდნავ შებუსულია მონაცრისფრო ბეწვისებრით. ყუნწი შიშველია და მოწითალო ღვინისფერია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის ან ზოგჯერ ძლიერ კუმსი. სიგრძე 11,5-19,0სმ, სიგანე 7,0-10,5სმ. ყუნწის სრული სიმწიფის პერიოდში ხევდება. მტევნის საშუალო წონა 210,5 გ. მარცვალი: მომწვანო-მოყვითალო ფერის, ყავისფერი წერტილებით, მზის მხრიდან მკვეთრად გამოხატული ამწვრობით. ოვალური ფორმის, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებულია და სიმეტრიული. საშუალო ზომის (სიგრძე 15,6-20,5მმ, სიგანე 14,0-19,1მმ). რბილობი ხორციანი და ნაკლებწვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოსი. კანი უხეში და სქელი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,15-19,3%, მჟავიანობა 5,6-6,1 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0-12,0 კგ/ძირზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,93. სამეუნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ყურძენს ახასიათებს მტევნის გარეგნული სილამაზე, სიდიდე, მოყვანილობა, მარცვლის ფერი, სიმსხო, ხორციანობა და ფრიად კარგი გემო. ღვინის დახასიათება: გორულას ასევე იყენებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად სხვა ჯიშებთან ერთად დაწურვით. დამატებითი ინფორმაცია: ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ ჭრაქის მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ყურძენი კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1960, გვ. 133-137; ვაშაკიძე ლ., ვაზის ქართული გენოტიპების იდენტიფიკაციისა და ზოგიერთი ფიტოტექნიკური ღონისძიებების ოპტიმიზაციის მეცნიერული საფუძვლები. დისერტაცია, წარმოდგენილი სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 2006, 274 გვ.; Лоладзе В.Р., Горула, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 366-369; Tsertsvadze N., Gorula. In: Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography, By Maghradze D., Rustioni L., Turok J., Scienza A., Failla O. (Eds) Vitis (special issue), 2012, p.192. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე