საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბუდეშური წითელი


ჯიშის სახელწოდება: ბუდეშური წითელიbudeshuri-witeli სინონიმი: წითელი ბუდეშური, შავი ბუდეშური, თამარეული წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მოვარდისფრო არშია გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ, სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსებით და მორუხო თეთრი ფერით, ქვემოთ მდებარე ფოთლები (მეოთხიდან დაწყებული) კარგავს ზედა მხრიდან ბუსუსებს და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მასთან დაკავშირებულ მორუხო-თეთრ ფერს. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდი (22X20სმ), მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სამნაკვთიანი, იშვიათად. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ღია თაღისებრი ან კვადრატული ფორმისაა, მომრგვალო ფუძით. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმის. ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად განვითარებული, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის. კბილები სამკუთხედისებრია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სუსტია. ფოთლის ყუნწი მუქი ღვინისფერია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (18X10 სმ), უფრო ხშირად დიდი. კონუსისებრი ფორმის, დატოტვილი, ხშირად ფრთიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. ყუნწი 5-7სმ სიგრძის, ხშირად ბალახისებრი, ყუნწის მიმაგრების ადგილზე მერქნდება. მარცვალი: ვარდისფერი, არათანაბარი სიმწიფის გამო ხშირად ჭრელი, ხოლო გადამწიფებისას მუქი ვარდისფერი ან თითქმის შავი. საშუალოზე მსხვილი, 1,75X1,45სმ ზომის, ოვალური. რბილობი ოდნავ მკვრივი. წვენი უფერული. კანი თხელი, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. მარცვლები საკმაოდ მჭიდროდ სხედან ყუნწზე. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-20%, მჟავიანობა 4,0-6,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 2,8-3,6 კგ/ძირზე, რაც შეადგენს 9,2-16,8 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,15. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ახასიათებს ჰარმონიული გემო და სასიამოვნო არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: მიეკუთვნება საშუალო სიმწიფის პერიოდის სასუფრე ჯიშების ჯგუფს. რქის მომწიფება კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალოზე მეტი. გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. ზამთრის ყინვებისა და გვალვის მიმართ წითელი ბუდეშური საშუალო გამძლეობით ხასიათდება. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 119-125; მირიანაშვილი ე., ზოგიერთი აგროტექნიკური ღონისძიების გავლენა სუფრის ყურძნის ჯიშებზე (წითელი ბუდეშური და განჯური), მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, ტ. 9, 1958; Табидзе Д. И., Будешури цители, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 243-246. ავტორი: დავით მაღრაძე