ბროლა
ჯიშის სახელწოდება: ბროლა
სინონიმი: ბროლას ვაზი, ბროლის ყურძენი
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ღია მწვანე ფერის და მცირედ დაფარული თეთრი -მონაცისფრო ბუსუსით. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანო-მოწითალოა და ქეჩისებრადაა დაფარული ბეწვისმაგვარი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან ოდნავ განიერ-ოვალური მოყვანილობის. ფირფიტის სიგრძე 14,2-15,3სმ, სიგანე 14,5-15,5სმ. ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრია და მომრგვალოფუძიანი. ყუნწის ამონაკვეთის ფუძეზე აღინიშნება ერთი დეზი. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა და მცირედ ჩაჭრილი. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედ ჩაჭრილი. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსული, ზედაპირი გლუვი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა, მეჩხერი, იშვიათად საშუალო სიმკვრივის. ზოგ შემთხვევაში განტოტვილი. მტევანში 59-72 მარცვალია. ყუნწის სიგრძე 4-5სმ, ბალახმაგვარია და მწვანე ფერის.
მარცვალი: ღია მწვანე ფერის და საშუალო სიდიდის, სიგრძე 14,5-18მმ, სიგანე 14,2-17,8მმ. მომრგვალო, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. რბლობი ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემო. საკმაოდ სქელკანიანი, კანი მცირედაა დაფარული ცვილით. ყუნწის სიგრძე საჯდომითურთ 4-5 მმ, მწვანე.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,4-20,5% , მჟავიანობა 7,9-9,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: მაღლარად ფორმირების დროს 6,0-6,5 ტონა/ჰექტარზე; დაბლარად ფორმირებისას 6,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: კარგი ხარისხის მასობრივი მოხმარების თეთრი სასუფრე ღვინოები, რომელთა ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ - 11,2%.
დამატებითი ინფორმაცია: ყურძენი მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტი გამძლეობა ახასიათებს - განსაკუთრებით ძლიერ ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 108-112;
Рамишвили М.А., Брола. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 236-238.
ავტორი: დავით მაღრაძე