საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მევენახეობა და ვაზის ადგილობრივი გენოფონდი საქართველოში


დ. მაღრაძე, ლ. ვაშაკიძე, ი. მდინარაძე, რ. ჭიპაშვილი, ე. აბაშიძე, შ. კიკილაშვილი

ვაზის კულტივირების სიძველე
საქართველო სამხრეთ კავკასიის შემადგენლობაში მიჩნეულია ევროპული ვაზის Vitis vinifera ssp. sativa Beck. დომესტიკაციისა და კულტივირების უპირველეს რეგიონად. ჩვენი ქვეყანის ტერიტორიაზე განხორციელებული ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა არის დაკავშირებული მევენახეობა - მეღვინეობის საქმიანობასთან. ვაზის ღეროს, წიპწებისა და ყვავილის მტვრის მარცვლების არქეობოტანიკური ნაშთები, მეღვინეობასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ადგილობრივი ჯიშების დიდი რაოდენობა და ველური ვაზის Vitis Vinifera L. ssp silvestris Beck. არსებობა ქვეყნის ფლორაში ქმნის ძალიან კარგ ბაზისს ვაზის დომესტიკაციის თეორიის სასარგებლოდ ამ რეგიონში. ისტორიული, ეთნოგრაფიული, რელიგიური და ტიპონიმური ინფორმაცია დამატებით არგუმენტებს იძლევა ამ თეორიის დასადასტურებლად (Hehn, 1870, De Candolle 1883, Вавилов 1931, Негруль 1949, კიღურაძე 2000, რამიშვილი 2001, McGovern, 2003, Forni and Failla, 2010, Myles et al. 2011).
უძველესი პერიოდის პალეობოტანიკური ნაშთები გამოვლინებულია შულავერის კულტურის არქეოლოგიური ძეგლებზე, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. VI-V ათასწლეულით და ადასტურებენ მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის ნაშთების არსებობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ ვაზის კულტივაცია და მისი შემოტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში უნდა იქნეს მიჩნეული ქართული ტომების მნიშვნელოვან მონაპოვრად. ერთი-ერთი უადრესი არქეოლოგიური დადასტურება ამ ფაქტისა არის ღვინის ჭურჭელი, რომელზეც გამოსახულია ვაზის ბარელიეფური გამოსახულებები. თხელკედლიანი არქეოლოგიური ჭურჭლის ფრაგმენტი ასევე მტევნების სტილიზირებული რელიეფური გამოსახულებით და ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკებები იმავე არქეოლოგიური ძეგლებიდან (ჭილაშვილი 2004, კიღურაძე 2000) აძიერებს არგუმენტებს კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის სასარგებლოდ. ამავე არქეოლოგიური ძეგლებიდან აღმოჩენილ ვაზის წიპწებს აქვს კულტივირებული Vitis vinifera ssp. sativa-ს მახასიათებლები.
ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე დასტურდება მევენახეობის და მეღვინობის უწყვეტი არსებობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მტკვარ-არაქსის (ძვ.წ. IV-II ათასწლეულები) (ჯაფარიძე და ჯავახიშვილი, 1971, ლიჩელი 2007, რუსიშვილი, 2010), თრიალეთის (ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი), კოლხური (ძვ.წ. XIII-VI საუკუნეებში) და იბერიული კულტურების (ლორთქიფანიძე, 1980, ძიძიგური, 1995, რამიშვილი, 2001, Zerbini, 2010) პერიოდებში. ქრისტიანულ პერიოდში (ახ.წ. IV საუკუნიდან საქართველოში) გრძელდება მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება. ამ ფაზაში ჩვენ გვაქვს ღვინის მარნის არქეოლოგიური აღმოჩენები ქვევრებით (ღლონტი 2010), საწნახლები და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები, განკუთვნილი ღვინის დაყენებისა და მოვლისთვის. აღმოჩენილია საირგაციო სისტემები, ვაზის კულტვირებისთვის საჭირო ინვენტარი. ვაზის მცენარე გახდა ქრისტიანული ტაძრების მორთულობის ერთ-ერთი მთავარი ორნამენტი საქართველოში. მთელ შუა საუკუნეებს პერიოდში ვაზის და მეღვინეობის მნიშვნელობა, როგორც წამყვანი კულტურა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობა, დომინირებული იყო (ლიჩელი, 2007).
მევენახეობა – მეღვინეობა ახალ საფეხურზე აღწევს მე-19 და მე-20 საუკუნებში, ხდება რა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვენი დარგი და მლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. 21-ე საუკუნეში ეს ტენდეცია შენარჩუნებულია მიუხედავად მსოფლიო ღვინის ბაზრის გამოწვევებისა.

მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე მევენახეობისა და მეღვინეობის პროდუქტი არის ღვინის დაყენების რამდენიმე ადგილობრივი მეთოდი: კახური და იმერული მშრალი სუფრის, ატენური - ცქრიალა და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები. დამატებით, ქართულმა მეღვინეობამ შეძლო შეენარჩუნებინა ღვინის დაყენების ორიგინალური ჭურჭელი ქვევრი მისი სხვადასხვა სინონიმური სახელებით საქართველოს კუთხეებში, რომელსაც უძველესი ეგზემპლარები უმნიშვნელოდ განსხვავდებიან დღევანდელი ანალოგებისგან, რაც აიხსნება ამ ჭურჭლის დახვეწილობით საუკუნეების ჭრილში.

ველური ვაზი
აღსანიშნავია საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის (Vitis vinifera ssp sylvestris) არსებობა, საიდანაც პირველმა მიწათმოქმედმა ადამიანებმა მოახდინა უკეთესი ფორმების შერჩევა, თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს გადმოტანა ჯერ ყურძნის და შემდეგ ღვინის მოსავლის მიღების მიზნით. შედეგად მივიღეთ, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ ფართოდ აღიარებულ ვაზის დომესტიკაციისა და კულტივირების უძველეს ქვეყანად (Вавилов, 1926, Olmo, 1995, McGovern 2003).

ვაზის ადგილობრივი ჯიშები
ჰქონდა რა მევენახეობისა და მეღვინეობის ხანგრძლივი და უწყვეტი ისტორია, ქართველ კაცს მოჰყავდა ვაზი და აყენებდა ღვინოს: ასეთი ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად გამოიყვანილი იქნა 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიში, რომელთაც სხვადასხვა ფერის მარცვალი და აგრონომიული მახასიათებლები აქვთ - ვაზის ქართული ჯიშების საერთო რაოდენობა, ჩამოთვლილი „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ (კეცხოველი და სხვ. 1960) შეადგენს 525 დასახელებას. ეს ჯიშები წარმოშობილია ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონებში: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია, აჭარა, აფხაზეთი. მე-20 საუკუნეში აბორიგენულ ჯიშებს დაემატა ქართველ სელექციონერთა მიერ გამოყვანილი ახალი სელექციური ჯიშები.
ვაზის ქართული ჯიშები პროფ. ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთის ვაზის (proles. orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ - გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლების წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშთაწარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში (კეცხოველი და სხვ. 1960). ამასთან, ჩვენი ჯიშების უმეტესობა მიეკუთვნება proles pontica subproles georgica Negr. ჯგუფს.

ჯიშების დაცვა კოლექციებში
ვაზის ჯიშების დაცვა არის უმთავრესი საქმიანობა ჯიშების შენარჩუნების მიზნით. საქართველოში საკოლექციო საქმის ისტორია სათავეს მეცხრამეტე საუკუნეში იღებს - 1890 წელს ვ. სტაროსელსკიმ (1892) საქარის საცდელ სადგურში დაარსა ვაზის იმერული ჯიშებისა და ამერიკული საძირეების კოლექცია, ხოლო ორი წლის შემდეგ გამოსცა აქ შესწავლილი ვაზის ქართული ჯიშების ამპელოგრაფია.
საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ ვაზისა სახელმწიფო, რეგიონალური და უწყებრივი დაქვემდებარების, სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების კოლექციები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საკოლექციო ვენახებში არსებული ჯიშების დიდი მრავალფეროვნება. ასე მაგალითად: 1967-68 წლებში დიღომში გაშენდა ვაზის კოლექცია 3000 ქართული და ინტროდუცირებული უცხოური ჯიშით და ა.შ.
მინდვრის კოლექციებში მიმდინარეობდა ჯიშების დაცვა და მათი შესწავლა უკეთესების გამორჩევისა და დანერგვის მიზნით. გარდა ჯიშთაშესწავლისა, ვაზისა საკოლექციო ნარგაობები წარმოადგენდა საწყის მასალას სელექციონერთათვის. მათ ხელთ არსებული დიდი ჯიშური მრავალფეროვნება განაპირობებდა მშობელი წყვილების ფართო არჩევანს, რაც ზრდის სელექციური სამუშაოს ეფექტურობას. ამის შედეგია ახლადშექმნილი წარმატებული ვაზის სასუფრე და საღვინე ჯიშები.

საერთაშორისო თანამშრომლობა
ქართული ვაზის გენოფონდის მრავალფეროვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო აგრონომიული საზოგადოება, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვით დაკავებული საერთაშორისო ინსტიტუტები. ამის შედეგია, რომ საქართველო უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე სისტამატურად არის ჩართული ევროპულ პროექტებში, სადაც სწავლობენ და იცავენ კულტივირებულ ჯიშებს და ველური ვაზის ფორმებს.

ჯიშების აღწერა
ვაზის ადგილობრივი ჯიშების იდენტიფიკაციის და შენარჩუნების საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი აღწერილობების შედგენას, რომელიც პროფესიულ დონეზე საქართველოში XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება: ფ. კოლენატის მიერ 1846 წელს გამოქვეყნებული ვაზის ქართული ჯიშების და ველური ვაზის აღწერა ერთ-ერთ უძველესია ჩვენში. მას შემდეგ შესრულდა ბევრი გამოცემა, რომელთა შორისაც აღსანიშნავია: ქართულენოვანი „ამპელოგრაფია“ (ჩოლოყაშვილი, 1939), „რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები“ (მიროტაძე, 1939), „აჭარის, გურიის და სამეგრელოს ვაზის ჯიშები” (რამიშვილი, 1948), „კახეთის ვაზის ჯიშები” (ტაბიძე, 1954), „ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის“ (კიკაჩეიშვილი, 1963), „ამპელოგრაფია“ (რამიშვილი, 1986), „საქართველოს კულტურული ვაზის კლასიფიკაცია“ (ცერცვაძე, 1989); ორენოვანი „საქართველოს ამპელოგრაფია” (1962), რუსულენოვანი ათტომეული გამოცემა „Ампелография СССР“ (1946-1970); იტალიური „La Vite e l’Uomo (Del Zan et al. 2009); ინგლისურენოვანი “Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography“ (2012) ქართული ჯიშების აღწერით და სხვები.
წინა საუკუნეების ტრადიციულ გამოცემებს 21-ე საუკუნიდან დაემატა ქართული ჯიშების აღწერა და რეგისტრაცია საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში, რომელთა შორისაც აღსანიშნავია Vitis International Variety Catalogue (http://www.vivc.¬bafz.-de/index.php) და Euroepan Vitis Database (http://www.eu-vitis.de/index.php).
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ელექტრონული კატალოგიც, რომელიც თავს უყრის ვაზის ქართულ ჯიშებს გარკვეულ რაოდენობას ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მათი შენარჩუნების საქმეში.