საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხოკერა გოგრა


საზოგადო სახელი: გოგრაxokera

სახეობის სახელწოდება: Cucurbita pepo L.

ჯიშის სახელწოდება: ხოკერა გოგრა-Cucurbita maxima ‘Khokera Gogra’

წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია საქართველოს ყველა ზონაში, მაგრამ უმთავრესად დასავლეთში.

ჯიშის დახასიათება: ხოკერა გოგრა საგვიანო ჯიშია. ყვავილი ერთსქესიანია, ერთსახლიანი. ყვავილის ყუნწი მოკლეა. პოპულაციების მიხედვით, ღერო მკვრივი, წახნაგოვანი, დაღარული, საშუალო ან გრძელი აქვს. ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, ხუთკუთხიანი, ნაკვთოვანი. ფოთოლი და ყუნწი დაფარულია უხეში ეკლისებრი ბუსუსებით. ნაყოფი საშუალო სიდიდის, უმეტესად წვრილი, ფორმით შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, კვერცხისებრი, მოგრძო–ცილინდრული. ფერად შავი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, მიხაკისფერი, მიხაკისფერ–ჭრელი და სხვ. ნაყოფს ყვავილსაჭდომი შეზნექილი აქვს, ზედაპირი გლუვი, წახნაგოვანი, დაღარული, მეჭეჭებიანი. რბილობი ნარინჯისფერია, ყვითელი, მოვარდისფრო–ყვითელი, ბოჭკოვანი ან ფქვილისებრი აღნაგობის. თესლი საშუალო ზომისაა, მოყვითალო–თეთრი, მკაფიო სქელი არშიით. გვხვდება უკანო თესლიანი ჯიშებიც. თესლბუდე ძალიან დიდია და ნაყოფი მსუბუქი, რბილობი 1,5–2 სმ. სისქისაა. ნაყოფის ქერქი ბაკნისებური, მკვრივი, ადვილად მტვრევადი, შეწვის და მოხარშვის შემდეგ ქერქი თავის ფორმას და სიმაგრეს არ კარგავს. შენახვის კარგი უნარით ხასიათდება, მაგრამ გემურ თვისებებს მალე კარგავს, ტრანსპორტაბელურია.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახებოდეს კერძო კოლექციაში, ან რომელიმე საზღვარგარეთის გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: ხოკერა გოგრა სითბოსა და სინათლის უფრო ნაკლები მომთხოვნია, გოგრის სხვა სახეობებთან შედარებით. ამიტომ მას სიმინდში ან სხვა ნათესებთან შერევით თესენ. წმინდა ნათესის სახით იგი იშვიათად გვხვდება, მაღალ ზონებში უფრო მეტად ვრცელდება.

წყაროები: ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი–1970
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის 1988 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი