საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭანარი


საზოგადო სახელი: ჭანარიchanari ლათინური დასახელება: Barbus capito სახეობა: ჭანარი წარმოშობა: ჭანარი სამხრეთ კავკასიის ენდემური სახეობაა. კობრისებრთა ოჯახის, წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელია. ბუნებაში არსებობს ჭანარის ორი ფორმა: მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული (ადგილობრივი) და გამსვლელი. საქართველოში გვხვდება მხოლოდ ადგილობრივი ფორმა. გავრცელებულია კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე დასავლეთ და სამხრეთ მდინარეების აუზებში, ძირითადად ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენში ჭანარი მტკვარსა და ალაზანში, აგრეთვე მათ ცალკეულ შენაკადებში ბინადრობს. მტკვარში გვხვდება ახალციხემდე. არაგვის ქვემო და შუა დინებაში. ხრამში, ქსანში, დიდსა და პატარა ლიახვში, ალაზნის ქვემო და შუა დინებაში, აგრეთვე იორში სოფ. პალდომდე. გვხვდება ჯანდარის ტბასა და თბილისის წყალსაცავში.
მოკლე აღწერა: შუბლი ბრტყელია, ფართო, კუდის ფარფლები ძლიერ ამოჭრილი, ზურგის მხარე მუქია, მუცელი მოყვითალო. აქვს ნახევარმთვარისებრი პირი და თავის ქვემო მხარეზე ორი წყვილი ულვაში. ზედა ულვაშები სიგრძით აღწევენ ნესტოებამდე ან თვალის შუამდე. სხეულის გვერდებზე გასდევს ორი წითელი ზოლი, ხოლო რამდენადმე მსხვილმარცვლიან ქერცლს ოქროსფერი დაჰკრავს. საქართველოს მუზეუმის ფონდში („ბუნების ისტორია“) ინახება ფშავში, მდინარე არაგვში 1970 წლის 13 ივლისს დაჭერილი ჭანრის ექსპონატი, რომლის სიგრძე 105 სმ-ია, ხოლო მასა 6-7 კგ; სხვა მონაცემებით, ჭანრის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 120 სმ- ს, ხოლო ცოცხალმა მასამ 10 კგ-ს. მამალი სქესობრივად მწიფდება 4 წლის, ხოლო დედალი 5 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 115 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე. ტოფობს რამდენიმეჯერ. მიუხედავად ასეთი ნაყოფიერებისა, გაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად საჭიროა 14 წელი. იკვებება წყლის ფსკერის ბინადარი უხერხემლო ცხოველებით (ზოოპლანქტონით): ლოკოკინებით, მწერის მატლებით, ქირონომიდებით, ოლიგოქეტებით, ტრიქოპტერებით, წყალში ჩაცვენილი მწერებით- ჭიანჭველებით, კალიებით, მახრებით, აგრეთვე სხვადასხვა მცენარეებითა და მათი თესლით. არცთუ იშვიათად საკვებად იყენებს მცირე ზომის ბაყაყებსა და ლიფსიტებსაც.
დღევანდელი მდგომარეობა: საკმაოდ გემრიელი, ცხიმიანი (4,5-8,3%) თევზია. სამოყვარულო თევზაობისთვის მეტად საინტერესო ობიექტია. მოყვარულ მეთევზეთა გადმოცემით, გასული საუკუნის 90-იან წლებში მტკვარში მრავლად იყო და იჭერდნენ 3-4 კგ მასის ეგზემპლარებსაც; დღეისთვის მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ბუნებრივ აღწარმოებაში პრობლემატურობის გამო მოსალოდნელია ამ სახეობის გადაშენება; საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემა. წყაროები: : საქართველოს თევზები - კრებული, გამომცემლობა: „წიგნი+ერი“, 2013; http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=120&info_id=824 (28.01.2014); http://www.ali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1638:barbus-capito&catid=36:fish-breeds&Itemid=77 (02.02.2014); http://metevze.ucoz.com/news/ch'anari_barbus_capito_gulden_stadt/2013-01-12-30 (02.02.2014).
 

კინოლოგია

მეთევზეობა

მეთხეობა

მეფრინველეობა

მეფუტკრეობა

მეღორეობა

მეცხენეობა

მეცხვარეობა

მეძროხეობა-მეკამეჩობა