ელექსირი მუხუდო
სახეობის სახელწოდება: Cicer arietinum L.
ჯიშის სახელწოდება: ელექსირი Cicer arietinum'Eleksiri'
წარმოშობა: ჯიში ელექსირი გამოყვანილია ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-დან 1997 წელს მიღებული სასელექციო მასალიდან (ნომრით 2919 )ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის გზით. დარაიონებულია 2001 წლიდან, მუხუდოს მთესველი რაიონებისათვის.
ჯიშის დახასიათება: ელექსირი საადრეო ჯიშია, საშემოდგომო ფორმაა, სავეგეტაციო პერიოდი 250-270 დღეა. გაზაფხულზე თესვის დროს (მარტში) ვეგეტაცია 158 დღე გრძელდება. მცენარე ნახევრად სწორმდგომია, 60-65სმ სიმაღლისა, ღეროს ანტოციანური შეფერილობა არ გააჩნია. ფოთოლაკის ზომა განიერია. ყვავილი თეთრია, პარკი განიერია 1-2 მარცვლით, დაპარკება ღეროს შუა ნაწილზე აღინიშნება. თესლი მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა, დიდი ზომისაა, მრგვალ-კუთხოვანი ფორმის, საშუალოდ გამოხატული წიბოთი. 1000 მარცვლის მასაა 420-450გრ. საშუალო მოსავლიანობა - 4,05ტ/ჰა. ცილის შემცველობა - 22,32%, ცხიმი - 8,54%.
დღევანდელი მდგომარეობა: დაცულია აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი 1(9) თბილისი 2012წ.
დამატებითი ინფორმაცია: ელექსირი გვალვაამტანია. კარგად იტანს მცირედ წაყინვებს. გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ, გადამწიფებისას ახასიათებს მცირედ მარცვლის ცვენადობა. ვარგისია მექანიზებული აღებისათვის. ხასიათდება კარგი გემური თვისებებით.